თანამედროვე ცხოვრების გადატვირთული გრაფიკის პარალელურად, აქტუალურ საკითხად რჩება ჯანმრთელობის მოვლა და შენარჩუნება. სტრესი, არასწორი კვება, სპეციფიკური სამუშაო პირობები ხშირად ხდება სისხლძარღვების დაავადებების მიზეზი. ამავდროულად, იხვეწება მკურნალობის მეთოდიკა და ტექნოლოგიები, მაგალითად, სისხლძარღვებზე ოპერაცია უკვე დახურული მეთოდითაცაა შესაძლებელი. სისხლძარღვთა ქირურგიის განვითარებაზე აქტიურად მუშაობენ აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში. მიმართულებას, სისხლძარღვთა ქირურგი, გიორგი დეისაძე ხელმძღვანელობს.
გიორგი დეისაძე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტია კლინიკაში. ის ოცდაცხრა წლისაა. პროფესიას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაეუფლა. ბოლო კურსზე იყო, როდესაც გერმანიაში განაგრძო პრაქტიკა – ჯერ ქალაქ იენაში, მოგვიანებით კი, ოლდენბურგში. შემდეგ, ორი წლის განმავლობაში, მინსკში, სისხლძარღვთა ქირურგიის ორდინატურაში მუშაობდა. აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში, სისხლძარღვთა მიმართულების ხელმძღვანელობის პარალელურად, კვალიფიკაციის ამაღლებაზე რეგულარულად ზრუნავს. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ვორკშოპებში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, ესპანეთსა თუ იტალიაში. მარკეტერს გიორგი დეისაძე პროფესიულ გამოცდილებასა და საქართველოში სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.
კონკრეტულად, რას მოიცავს თქვენი ამჟამინდელი საქმიანობა?
მე გახლავართ სისხლძარღვთა ქირურგი. საქართველოში მომუშავე სისხლძარღვთა ქირურგები მკურნალობენ ყველა სისხლძარღვს: ზემო კიდურებისა და ქვედა კიდურების სისხლძარღვებს, მუცლის აორტას, კისრის სისხლძარღვებს, გარდა თავის ტვინის სისხლძარღვებისა და კორონარული არტერიების ანუ გულის სისხლძარღვებისა. დანარჩენი, სისხლძარღვის ყველა დაავადება და პათოლოგია ჩვენს მიმართულებაში შედის. მათ შორის, როგორც სისხლძარღვთა დახშობა, ჩაკეტვა თრომბით თუ ათეროსკლეროზული ფოლაქით, ასევე, გაფართოება, რომელიც სისხლძარღვების პათოლოგიას წარმოადგენს და ანევრიზმა – ყველა ამ მიმართულებაზე მუშაობს სისხლძარღვთა ქირურგი. ვაკეთებთ როგორც ღია, ისე დახურული ტიპის ჩარევებს, ე.წ. უსისხლო ოპერაციებს, როდესაც ერთი ჩხვლეტით ხდება დახურული სისხლძარღვების გახსნა და მკურნალობა.
რით არის ეს სფერო თქვენთვის საინტერესო?
ჩემთვის ეს სფერო ძალიან საინტერესოა, იმ კუთხით, რომ ძალიან ინტენსიურად ხდება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სისხლძარღვთა ქირურგია ძალიან აქტიურად მიიწევს წინ. ასეთი ახალი მიდგომები ქირურგიის სხვა მიმართულებებში ნაკლებადაა. მინიინვაზიური მკურნალობის მეთოდები, ენდოვასკულარული ქირურგია ძალიან საინტერესოა და აქტუალური. ბევრი ისეთი ტიპის ახალი ოპერაციების ჩატარების საშუალება გვეძლევა, რასაც ჯერ კიდევ, ახლო წარსულში, წარმოუდგენელი გვეჩვენებოდა.
კარიერა როგორ დაიწყეთ?
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ერთ-ერთ კლინიკაში, თბილისში დავიწყე მუშაობა . მე და ჩემმა მეგობარმა იქ დავიწყეთ ენდოვასკულარული მიმართულება, ახალი მეთოდებით პაციენტებისთვის ოპერაციების ჩატარება, ვცდილობდით ამ მიმართულების აქტიურად განვითარებას. ორი წლის შემდეგ, გადმოვინაცვლე თოდუას კლინიკაში, სადაც გავხდი განყოფილების ხელმძღვანელი. ვცდილობ, ტრადიციული ქირურგიის გარდა, შემოვიტანო ის სიახლეები, რაც მსოფლიოშო ახლა ინერგება.
ასაკთან შედარებით, საკმაოდ გამოცდილი ხართ. რა დაგეხმარათ თქვენს კარიერულ კიბეზე გზის გაკვლევაში?
ალბათ, დამეხმარა ის, რომ ძალიან პატარა ასაკიდან ვიცოდი, ექიმი და კონკრეტულად ქირურგი გამოვიდოდი. ეს მიზანი სულ მქონდა. დანარჩენი, ალბათ, საქმის სიყვარული და შრომისმოყვარეობაა. სიამოვნებას მანიჭებს ჩემი საქმე. ეს არაა სამსახური, ესაა ჰობი, ერთგვარი დასვენება. კი, დღეს დავიღალე, მაგრამ კარგ ხასიათზე ვარ.
თქვენს საქმეში, რა ღირებულებებით ხელმძღვანელობთ?
ვფიქრობ, ყველა ექიმისთვის არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, თუკი პაციენტს ვერ დაეხმარები, არ ავნო მაინც. ესაა უპირველესი, რაც ახლა მახსენდება.
თქვენი დაკვირვებით, საქმიანი ადამიანებისთვის რა პრობლემაა დამახასიათებელი, უფრო მეტად?
ახალგაზრდებში, ყველაზე ხშირია ვენური უკმარისობა. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დიდხანს უწევთ ხოლმე დგომა ან ჯდომა. ქალებს, თუ წონაც აწუხებთ, ზოგჯერ უვითარდებათ ვარიკოზი ან მშობიარობის შემდეგ. ხოლო, 50 წელს ზემოთ, მამაკაცებში ხშირია არტერიული პათოლოგიები, ათეროსკლეროზი, რაც კიდევ უფრო საშიშია, ვიდრე ვარიკოზი.
რა პრობლემები აწუხებთ თქვენს პაციენტებს, ყველაზე ხშირად?
სისხლძარღვთა პრობლემები საკმაოდ გავრცელებულია. არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც. ყველაზე ხშირად, არტერიული პათოლოგიები, ათეროსკლეროზი – სისხლძარღვების სიბერესაც ეძახიან. ასეთ დროს, სისხლძარღვები ელასტიურობას კარგავს და შიგნით, ათეროსკლეროზული ფოლაქები ადვილად იდებენ ბინას. ეს ფოლაქები იწვევენ სისხლძარღვების ნელ-ნელა შევიწროებას და საბოლოოდ, დახშობას. როდესაც სისხლძარღვი დაეხშობა, იწყება პრობლემები. თუკი, მაგალითად, ეს ფეხის მკვებავ არტერიაში მოხდა, ადამიანს ეტკინება ფეხი, ფერს შეიცვლის ტერფის თითები, რადგან იქ სისხლი ნაკლებად მიეწოდება. ეს კი, საჭიროებს დროულ მიხედვას, რომ უფრო არ გართულდეს. სადაც სისხლი არ მიდის, იქ ქსოვილები კვდება და იწყება პრობლემა. თუ ისეთი სისხლძარღვი ჩაიკეტება, რომელიც თავის ტვინს კვებავს, ადამიანს მოსდის ინსულტი. ესაა ერთი მიმართულება, არტერიების მხრივ, ყველაზე ხშირად რომელიც მხვდება. მეორეა ვენური კუთხით. მოგეხსენებათ, ვენების საშუალებით სისხლის ცირკულირებს უკან გულის მიმართულებით. ვენების შემთხვევაში, ყველაზე გავრცელებულია ქრონიკული ვენური უკმარისობა,. ვარიკოზი. ის საკმაოდ ხშირია ქალებში, თუმცა მამაკაცებსაც აწუხებთ ხოლმე. ეს პრობლემა დამახასიათებელია ქვედა კიდურებში, ზოგჯერ, გამობერილი ვენებიც ჩანს ხოლმე. აქ იკვეთება ჩივილები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება – სიმძიმის შეგრძნება ფეხებში საღამოს, შეშუპება, დაღლილობა, მოუსვენარი ფეხის სინდრომი. მომდევნო სტადიებზე კი, გამობერილი ვენა შეუიერაღებელი თვალითაც ჩანს ხოლმე. თავიდან ეს კაპილარებია, შემდეგ კი, დიდ ვარიკოზულ კვანძებად გადაიქცევა ხოლმე.
ზოგჯერ ხდება, რომ ადამიანს რაღაც აწუხებს და არ იცის, რომელ ექიმს მიმართოს. რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მოგმართოთ თქვენ?
სისხლძარღვებს მინიმალური სიმპტომები ყოველთვის აქვთ. ესაა ადვილად დაღლა, ტკივილი წვივის არეში, კუნთებში – როდესაც გაივლი 100-200 მეტრს და იძულებული ხარ გაჩერდე, შეისვენო და შემდეგ განაგრძო. ყველა სიმპტომის ერთდროულად გამოვლენა არ ხდება. ეს დროში გაწელილი პროცესია. ეს მანძილი ნელ-ნელა იკლებს. ჩვენ ამას გარდამავალ კოჭლობას ვეძახით. თუკი 500 მეტრს დაუბრკოლებლად გაივლიდა ადამიანი, ეს მანძილი მცირდება, და შეიძლება ბოლოს, 5 მეტრის გავლაც გაუჭირდეს. მთავარია, პრობლემის სათავეშივე გამოიჩინოთ ყურადღება და დროულად მიმართოთ ექიმს.
რაც შეეხება თრომბს, მას იმდენად გამოხატული სიმპტომი აქვს, ადამიანს ვერ გამოეპარება. იცის ძლიერი ტკივილი, შეშუპება და ასეთ დროს, პაციენტები უფრო დროულად რეაგირებენ ხოლმე. არის ასევე ანევრიზმა, რომელსაც არ გააჩნია სიმპტომი, მას ჩუმ ბომბს უძახიან. ამ დროს, სისხლძარღვის დიამეტრი ზომაში იზრდება, სიმპტომები კი მხოლოდ როდესაც ის გასკდება მაშინ გამოვლინდება. სამწუხაროდ, ხშირად კატასტროფით მთავრდება.
როგორ შეგვიძლია ვიზრუნოთ პრევენციაზე?
არტერიული უკმარისობის შემთხვევაში, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ქოლესტერინის მოწესრიგება, ღორის ხორცისა და თამბაქოსგან თავშეკავება… ესაა აუცილებელი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვისაც. მათ აუცილებლად უნდა შეიმოწმონ სისხლძარღვები, წელიწადში ერთხელ მაინც და ამ რჩევას მიაქციონ ყურადღება. სამწუხაროდ, ძირითადად, იმ დროს მოდიან ხოლმე ექიმთან, როდესაც უკვე პრობლემის წინაშე დგანან.
მათ, ვისაც აქვთ ვენური უკმარისობა, ვურჩევ, საათში ერთხელ, გამონახონ 2-3 წუთი, ადგნენ, ფეხით გაიარონ. ამ დროს, სისხლის მიმოქცევა უმჯობესება, ვენური ტუმბო უკეთ მუშაობს. ავარჯიშეთ ტერფები და შეგიძლიათ ელასტიური კომპრესეიაც გამოიყენოთ.
ძალიან კარგია აქტიური ცურვა, რაც ყველაზე მეტად ეხმარება ორგანიზმს, კუნთებისა და სისხლძარღვების გავარჯიშებაში. სიცხე და ყველანაირი სითბო აფართოებს სისხლძარღვებს და ვენური უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის არასასურველია.
სტატია მომზადებულია marketer.ge-ს მიერ.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი
მასალის გამოყენების პირობები