მწვავე ტკივილი გულის არეში, არტერიული წნევის უეცარი მომატება, სუნთქვის მოულოდნელი გართულება, ჩხვლეტა მარცხენა ხელში ან კისრის არეში, თავბრუსხვევა, მომატებული ოფლიანობა - ეს ყველა ის სიმპტომია, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ ადამიანს მწვავე გულის შეტევა - ინფარქტი შეიძლება დაემართოს.
მაგრამ რა ვქნათ მაშინ, თუ შეტევა ცხადი სიმპტომების გარეშე ხდება? ადამიანმა შეიძლება ინფარქტი ისე გადაიტანოს, რომ ვერც კი შენიშნოს.
ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმებმა დაადგინეს, რომ მსგავსი შემთხვევები გაცილებით უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ამას ექიმები ვარაუდობენ. მწვავე გულის შეტევის 45% სწორედ ე.წ. "ჩუმ" ანუ "შეუმჩნეველ" ინფარქტებზე (SMI - silent myocardial infarction) მოდის და უმეტეს შემთხვევაში ეს მ ამაკაცებს ემართებათ.
"SMI-ის სიმპტომები იმდენად სუსტადაა გამოხატული, იმდენად ხანმოკლეა, რომ ის ჩვეულებრივ დისკომფორტად, ან უფრო ნაკლებმნიშვნელოვან პრობლემად აღიქმება და მამაკაცები, როგორც წესი მას იგნორირებას უკეთბენ, აცხადებს უნივერსიტეტის პროფესორი ჯორჯ პლაცკი.
მაგალითად დაღლილობას, ფიზიკურ მოთენთილობას მამაკაცები ხშირ შემთხვევაში დაძაბულ სამუშაო დღეს, ცუდ ძილს, ორგანიზმის ასაკობრივ ცვლილებებს აბრალებენ, ხოლო ყელში მცირე ტკივილს ან წვას მკერდის არეში - საჭმლის მონელების პრობლემას.
ამასთან, ხშირად რთულია განსაზღვრო, თუ რა არის ამ შეგრძნებების წყარო. მაგალითად გულმკერდის არის ტკივილი გაფიქრებინებთ, რომ ეს გულის შეტების ბრალია, როცა "ჩუმი ინფარქტის" შემთხვევაში ამავე ადგილას მხოლოდ მცირე დისკომფორტს იგრძნობთ.
და მაინც, როდის უნდა შევშფოთდეთ სერიოზულად და როგორია საგანგაში სიმპტომები?
- მცირე დისკომფორტი (ტკივილი) გულმკერდის ცენტრში, რომელიც არ გადაივლის რამდენიმე წუთის განმავლობაში, ან მალევე ქრება, მაგრამ შემდეგ კვლავ არაერთხელ ბრუნდება.
- სრული დისკომფორტი სხეულის ზედა ნაწილში - არასასიამოვნო შეგრძნებები მარცხენა, ან ორივე ხელში, ზურგის არეში, მუცელში, კისერში, ან ქვედა ყბის მიდამოში.
- სუნთქვის გაძნელება გულის არეში არასასიამოვნო შეგრძნებების წინ ან შემდგომ.
- უეცარი ცივი ოფლი, თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება.
ჰარვარდში ამ ფაქტორების შესწავლისთვის შემდეგი ექსპერიმენტი ჩაატრეს.
მათ გამოიკვლიეს 2000 ქალი და მამაკაცი 45-84 წლის ასაკში, რომელთაც არასდროს აღენიშნებოდათ გულსისხლძარღვთა დაავადევბები და ანალოგიური კვლევა იმავე პაციენრებზე 10 წლის შემდეგ ჩაატარეს.
გამოკვლეულთა 8%-ს გულზე აღმოაჩნდა ნაჭდევი, რაც მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ დარჩა. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანების 78%-ს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ამის შესახებ. ამ ადამიანებს შორის 5-ჯერ მეტი მამაკაცი იყო, ვიდრე ქალი.
განსაკუთრებით შემაშფოთებელი ამ კვლევაში ის გახლავთ, რომ ადამიანებს, რომლებმაც მათთვის გაუცნობიერებლად "ჩუმი ინფარქტი" გადაიტანეს, ექიმებისთვის არ მიუმართავთ, რაც გაცილებით ზრდის განმეორეებითი შეტევის რისკს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ "ჩუმი ინფარქტის" სიმპტომების აღმოჩენა ექიმებისთვის მარტივია - საკმარისა კარდიოგრამის ან ულტრაბგერითი სონოგრაფიის გადაღება. არის კიდევ ერთი მარტივი მეთოდი - სისხლის ანალიზი მასში სპეციფიური ცილის (ტროპონინ T) არსებობაზე, რომელიც სისხლში მხოლოდ გულის კუნთის უჯრედების დაზიანებების შემთხვევაში ხვდება.
დასასრულს, ზემოთ მოყვანილი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ექიმები ჯანსაღი ცხოვრების წესს და პროფილაქტიკისთვის ექიმთან ხშირ ვიზიტს გვირჩევენ.
მასალის გამოყენების პირობები