ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურება აღასრულა. მან ქადაგებისას ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
"უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვენს თვალწინ განვითარდა პროცესი, რაც თავისი არსით არის უმძიმესი და ურთულესი! მღელვარებამ მოიცვა მთელი საზოგადოება, მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა საქართველოს უძველესი სამოციქულო საყდარი და აქ განვითარებული მოვლენები, რამაც არავინ დატოვა გულგრილი. ჩვენ აღმოვჩნდით იმ მდგომარეობაში, როგორც 2018 წლის ერთ-ერთ შეხვედრაზე მისი უწმიდესობა ბრძანებდა - „მთის მწვერვალიდან დაგორდა ლოდი“ და საფრთხე დაემუქრა ყველას და ყველაფერს! შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი საერთო სახალხო სასამართლო პროცესში ჩართვა, მით უფრო, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ემოციური დუღილის პროცესი და ნებისმიერი მხრიდან ყოველგვარი განცხადება, თუნდაც კეთილი განზრახვით ნაკარნახევი აზრი, ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამამძიმებელი შეიძლება აღმოჩნდეს. დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება საღი აზრი, რაც შექმნილ ვითარებას გარკვეულწილად დაამშვიდებს და თანდათანობით დააბრუნებს განვითარების პერსპექტივაზე ორიენტირებულ კალაპოტში, იმ მძლავრ საყრდენზე, რაც საუკუნეთა განმავლობაში ქარიშხალთა პირობებში ეკლესიის მდგრადობას განაპირობებდა," - განაცხადა მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას.
მეუფე გრიგოლის განცხადებით, წინ კიდევ უფრო რთული გზა იქნება გასავლელი და დიდი გამოცდა ელოდება სახარებისეულ რწმენასაც და სამოქალაქო ცნობიერებასაც.
"საბჭოთა წარსული, რომელიც ტოტალიტარიზმისა და კოლექტივიზმის სახით ჯერ კიდევ ჩვენს ქვეცნობიერშია ჩამალული, კვლავინდებურად გვიტევს და ცდილობს წარსულში ჩვენს დაბრუნებას, როგორც ფარაონი, რომელიც ვერ ელევა ეგვიპტიდან აღთქმული ქვეყნისკენ მიმავალ ისრაელს, და ყველა მის ხელთ არსებული საშუალებით ცდილობს მის უკან დაბრუნებას! თუმცა, ჩვენ ვიცით, თუ რა ბედი ეწია მას (ფარაონს), როცა ორად გაპობილ მეწამულ ზღვაში ჰპოვა თავისი აღსასრული. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მიუხედავად ტკივილებისა, ვიმოძრაოთ წინ და არ შევუშინდეთ ქარიშხალს! დღეს ჩვენი ყველაზე დიდი მტერი არის შიში, სასოწარკვეთა და იმედგაცრუება! შიშმა არ უნდა მოიცვას ჩვენი გონება! ნუთუ ეჭვი გვეპარება იმაში, რომ სადაც ქრისტეა, იქ გამარჯვებაცაა?! ...და სადაც ქრისტიანულ ღირებებულებთან ადამიანის ნების თანხვედრაა, იქ არის ქრისტე, ვითარცა მხსნელი! ცოდვის, უკეთურებისა და ბოროტების წინააღმდეგ დაპირისპირების უალტერნატივო საშუალებაა სარწმუნოება, სასოება და სიყვარული! შეშინებული და დამფრთხალი საზოგადოება, შეშინებული ქრისტიანი, ბევრად უფრო საშიში და სახიფათოა, ვიდრე ის, რისიც მას ეშინია!" - აცხადებს მეუფე.
მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი არ არის უჭერს თუ არა ის მხარს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, არამედ, ის თუ რას გადაწყვეტს ამ კუთხით სინოდი და და პატრიარქი.
მასალის გამოყენების პირობები