იაპონიაში, ბევრ კომპანიაში თანამშრომელ ქალებს სათვალის ტარებას უკრძალავენ. ამ საკითხს ტელეარხმა Nippon TV-მ სპეციალური სიუჟეტიც მიუძღვნა, სადაც აღწერილია, რომ ამ კომპანიებში ქალებს აიძულებენ მოიხსნან სათვალე და არჩევანი კონტაქტურ ლინზებზე გააკეთონ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანს მათზე ალერგია აქვს.
კომპანიებში აცხადებენ, რომ სათვალეებში ქალები ნაკლებად მომხიბვლელები არიან და არამეგობრულად გამოიყურებიან.
ამ სიუჟეტმა ადგილობრივ სოცქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
"უცნაურია, რომ მამაკაცებს არ ეკრძალებათ სათვალის ტარება, ქალებს - კი! ეს დისკრიმინაციაა," - წერენ მომხმარებლები.ამ თემაზე იაპონიაში სპეციალური ჰაშტეგი და ონლაინ პეტიციაც კი შეიქმნა, რომელსაც ერთ დღეში 30 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
სოციოლოგები თვლიან, რომ ეს იაპონელთა ტრადიციული აზროვნების შედეგია.
"ქალებითვის სათვალის ტარების აკრძალვა იმავე რაგნში გადის, როგორც მათთვის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულის მოთხოვნა. სტანდარტული იაპონელი მენეჯერი თვლის, რომ მისი თანამშრომლები უკეთ უნდა გამოიყურებოდნენ და ამიტომ აძალებს მათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებასა და სათვალის მოხსნას. ეს კლიშე გასული საუკუნეების გადმონაშთია," - აცხადებენ ისინი.
განსაკუთრებული აკრძალვები იაპონურ რესტორნებშია, სადაც ოფიციანტები კიმონოს ატარებენ. მათი მფლობელები თვლიან, რომ კიმონო და სათვალე ერთმანეთს არ ეწყობა, რადგან კიმონო ტრადიციული სამოსია, ხოლო სათვალე თანამედროვე ატრიბუტი.
იაპონიის ხელისუფლება ჯერჯერობით ამ პროტესტებზე არ რეაგრებს და აცხადებს, რომ ამა თუ იმ კომპანიაში დრეს-კოდის საკითხი მას არ ეხება.
მასალის გამოყენების პირობები






