კობაიძეს იმედი აქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო საქმეს წარმოებაში მიიღებს, რადგანაც მალხაზ კობაურთან დაკავშირებით სამართლიანი სასამართლოს პრინციპის უფლება დაირღვა. მისი აზრით, საქმის ირგვლივ ბევრი პროცესუალური ნორმების დაღვევა მოხდა. შესაბამისად, სახელმწიფომ სამართლიანი სასამართლო კობაურთან დაკავშირებით ვერ უზრუნველყო.
„მსჯავრდებული მისთვის გაგზავნილი რაიან სმიტის დედის წერილის დაბრუნებასაც ითხოვს, რომელიც მალხაზ კობაურს პენიტენციალურმა სამსახურმა არ გადასცა. გარდა ამისა, კობაურის სხვა საკანში გადაყვანასაც ვითხოვთ. საკმაოდ მძიმე პირობებში იმყოფება.
"რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოში ჩივილს, სამწუხაროდ, კობაურის მიმართ, ყველანაირი პროცედურული ნორმები დაირღვა, როგორც ბრალდების მხარის, ასევე სასამართლოს მხრიდან. ამიტომ, ჩვენ გავასაჩივრებთ და საქმეს დაერქმევა - "კობაური საქართველოს წინააღმდეგ".
"ასევე, ის ითხოვს იმ წერილს, რომელიც ლინ სმიტმა გამოაგზავნა. მას ეს წერილი მხოლოდ წაუკითხეს და არ მისცეს საშუალება, რომ დაეტოვებინა. საქმეს ასევე დაერთვება ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც მოწმეების დაკითხვის ოქმებს ეხება, სადაც ადამიანები ზუსტად ერთი და იგივე წინადადებებით აღწერენ და საუბრობენ რა მოხდა ხადას ხეობაში" - აცხადებს ადვოკატი „რეზონანსთან".
ხადას ხეობაში საზარელი მკვლელობა 2018 წლის ივლისში მოხდა. კობაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მას ეს განაჩენი 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა გამოუტანა.
"კავშირების" რედაქციამ სმიტების მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა. როგორც ცნობილია, ხადას ხეობაში ტურისტად მყოფი სმიტების ოჯახის დაკარგვის შემდეგ, სამართალდამცავებმა შეტყობინების მიღების პირველივე დღეს, 2018 წლის 6 ივლისს, ლორა სმიტის გვამი, მახლაზ კობაურის დახმარებით იპოვნეს. მამა-შვილის, რაიან სმიტისა და 4 წლის ქეილების სამძებრო-სამუშაოები იმ ღამეს არ გაგრძელებულა.
დაკითხვის ოქმების შესწავლისას კი გამომძიებელმა ჟურნალსიტებმა აღმოაჩინეს, რომ სხვადასხვა მოწმეთა ჩვენებებში იდენტური წინადადებებია.
მაგალითად, ერთი და იმავე სიტყვებით აღწერენ სამძებრო სამუშაოების პირველ საათებს პოლიციელი ლევან ბულაური და მეზობელი სოფლის, ბენიან-ბეგონის მაცხოვრებელი ზურაბ ბენიაიძე. ორივე დაკარგული ოჯახის სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობდა.
ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება, ორივე ადამიანს ერთი და იმავე სიტყვებით ეპასუხა გამომძიებლის კითხვებისთვის? თან მოწმეები წერენ, რომ ჩვენება დაწერილია მათი კარნახით.
ხომ არ აწერინებდა მათ ხელს გამომძიებელი წინასწარ გამზადებულ ტექსტებზე? - ამ კითხვებით კი „კავშირების" რედაქციამ შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართა.
შსს-ს პასუხი კი ასეთია: "საქმეში არსებულ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებ მტკიცებულებად იქნა ცნობილი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათი მოპოვებისას არ დარღვეულა სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი. ამასთან, აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართულ სასამართლო პროცესზე და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი ვერდიქტი."
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გასცა პასუხი რედაქციის შეკითხვას, როგორ შეიძლება დაკითხვაზე ორმა ადამიანმა ათობით იდენტური წინადადება წარმოთქვას?
გამოძიების ვერსია კი ასეთია: მკვლელობიდან რამდენიმე დღეში გამოძიების ოფიციალური ვერსია და მალხაზ კობაურის აღიარებითი ჩვენება გავრცელდა. ბევრ კითხვასთან ერთად, გაჩნდა ერთი აუხსნელი კითხვაც - როგორ შეიძლებოდა დედას დაეტოვებინა იარაღდამიზნებული 4 წლის შვილი და თავის გადასარჩენად გაქცეულიყო.
გამოძებისთვის მიცემულ პირველ ჩვენებაში კობაური რაიან სმითის მკვლელობის მოტივად ურთიერთშელაპარაკებას ასახელებდა, მამა-შვილის მკვლელობას აღიარებდა და გამოძიებას არწმუნებდა, რომ ლორა სმითი გაიქცა და ხევში ჩავარდა.
ექსპერტიზის პასუხებმა კობაურის პირველი აღაიარებითი ჩვენება თავდაყირა დააყენა და დანაშაულის რადიკალურად განსხვავებული მოტივი გამოკვეთა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ დანაშაულის მიზეზი ლორა სმითის მიმართ კობაურის სექსუალური ლტოლვა იყო და მიზნის მისაღწევად მას მამა-შვილის მოშორება დასჭირდა.
საქმის პროკურორი ზაზა დათუკიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მივიდნენ ერთ-ერთ ჩანჩქერთან, მან გაიტყუა მამა-შვილი, ქალი დარჩა ჩანჩქერთან. ის მოულოდნელად დაახლოებით 150 სანტიმეტრის მოშორებით ზურგიდან ესვრის რაიან სმითს წელის არეში, შემდეგ კი ახორციელებს საკონტროლო გასროლას. ბავშვი ტირის, ვარდება პანიკაში, რის შემდეგაც ის მიბჯენით ესვრის ბავშვსაც.
გამოძიების ოფიციალური ვერსიით, მამა-შვილის მკვლელობის შემდეგ კობაურმა რაიან სმითის გვამი მდინარეში გადააგდო, ბავშვის ცხედარი კი თოვლის ზვავის ქვეშ გადამალა. ეს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმია, რომელიც მალხაზ კობაურის 8 ივლისის ჩვენების შესამოწმებლად ჩატარდა.
ხადის ხეობაში 7-საათიანი ექსპერიმენტისას კობაურმა სამარალდამცველებს მკვლელობის ადგილი აჩვენა. ოქმში აღნიშნულია ისიც, რომ სწორედ ბრალდებულმა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც რაიან სმითის გვამი გადააგდო, კერძოდ, მკვლელობის ადგილიდან 1 მეტრის მოშორებით, მდინარის კალაპოტში. ბავშის ცხედარს კი სწორედ კობაურის მითითებით გასროლის ადგილიდან 12 მეტრში თოვლის ნარჩენის ქვეშ მიაგნეს.
მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა გვამები მოიშორა, ის ბრუნდება ჩანჩქერთან, სადაც დატოვა ლორა სმითი და იარაღის მუქარით ახორციელებს მასზე ძალადობას და საბოლოოდ აუპატიურებს მას, ამის შემდეგ ბრალდებულმა ლორა სმითი დაახრჩო წყალში და ამის შემდეგ ჩააგდო მდინარეში.
ამოღების ოქმის მიხედვით, ირკვევა, რომ მკვლელობის იარაღი მწყემსების დროებითი საცხოვრისიდან დაახლოებით 30 მეტრში, საწვიმარში გადახვეული, ბალახებში იყო გადამალული და სამართალდამცველებს ამის შესახებაც მალხაზ კობაურმა თავადვე უთხრა.სწორედ მკვლელობის მოტივის დადგენის შემდეგ გახდა შესაძლებელი კობაურისთვის ბრალი დაემძიმებიათ.
მწყემსმა პირველ ჩვენებაში ლორა სმითის მკვლელობის შესახებ არაფერი თქვა, შესაბამისად გამოძიების ვერსიით, დამალა ნამდვილი მოტივი. ექსპერტიზის დასკვნით, ლორა სმითის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა, წყალში დახრჩობით, თუმცა, ამავე დასკვნაში აღწერილია დაზიანებებიც, რის გამოც პროკურატურაში ფიქრობენ, რომ კობაურმა ქალზე ჯერ იძალადა და მერე დაახრჩო.
მალხაზ კობაურის ადვოკატს არც ექსპერტიზის დასკვნების და არც გამოძების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა. მას აქვს საკუთარი ვერსია, რომლის შესახებაც ჯერ ბრალდებულმა ისაუბრა ერთადერთ ღია პროცესზე, მოგვიანებით კი ადვოკატებმა დაცვის მხარის სტრატეგია სწორედ ამაზე ააგეს. ბრალდებულის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ დანაშაული სხვა 7-მა ადამიანმა ჩაიდინა.
წყარო: რეზონანსი
მასალის გამოყენების პირობები






