თეიმურაზ ჩოჩუამ სასამართლო პროცესზე აღიარა, როგორ დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს.
ჩოჩუა ირწმუნება, რომ მან წინასწარ არ იცოდა აიღებდა თუ არა ივანეიშვილი ქრთამს.
„ჩემ სამუშაო ოთახში ვიმყოფებოდი, როცა ტელეფონით დამიკავშირდა გრიგოლ ივანეიშვილი. თხოვნა შემდეგში მდგომარეობდა, ვინაიდან კარგი კავშირები მაქვს უცხოელ ინვესტორებთან, მიმეწვდინა ეს ინფორმაცია იმ პირებისთვის, ვინც ჩემს არეალში ტრიალებდა. 2-3 დღეში, უცხოელი ბიზნესმენი მომიყვანეს. მას სჭირდებოდა მიწის ნაკვეთი", - განაცხადა ჩოჩუამ.
მისივე განცხადებით, რაღაც დეტალებში გარკვევის შემდეგ ის ივანეიშვილს არ შეხვედრია.
„რაღაც დეტალები იყო, რამაც დამაეჭვა. გრიგოლ ივანეიშვილთან სატელეფონო კომუნიკაცია მქონდა და ჩემი აზრი გავუზიარე, მეგობრული თხოვნა, მოთხოვნა იყო, რომ ეს საკითხი გაჩერებულიყო. ამაზე პასუხი მივიღე - კარგი. ამის შემდეგ მსვლელობასთან შემხებლობა არ მქონია. ამ საქმეში გრიგოლ ივანეიშვილის ბიზნესინტერესი კონკრეტულ პროცენტში და კონკრეტულ თანხაში იყო გამოხატული", - განაცხადა ჩოჩუამ.
შეიძლება ითქვას, რომ ჩოუამ დღეს მამხილებელი ჩვენება მისცა ივანეიშვილის წინააღმდეგ. მას სავარაუდოდ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.
გამოძიების ინფორმაციით, გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, გრიგოლ ივანეიშვილის ინიციატივით, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის გადახდის გარანტად უცხოელმა ბიზნესმენმა მისი კუთვნილი ფირმის 16%-იანი წილი გადაუფორმა ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს.
ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის 26 დეკემბერს თვითმმართველმა ერთეულმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი წყალტუბოში, შანიძის პირველ ნომერში მდებარე შენობა – ნაგებობის და მიწის ნაკვეთის შესყისდვასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უცხოელმა ბინზესმენმა და გრიგოლ ივანეიშვილის დახმარებით შეძლო აღნიშნული შენობის და მიწის ნაკვეთის წინასწარ შეთანხმებულ და ხელსაყრელ ფასად შეძენა.
„დანაშაულის შენიღბვის მიზნით, გრიგოლ ივანეიშვილმა უცხოელ ბიზნესმენთან გააფორმა ფიქტიური სესხის ხელშეკრულება და ამ უკანასკნელს 250 000 ლარი თავისი შვილის ანგარიშზე ჩაარიცხინა. აღნიშნული გადარიცხვის შემდეგ, 2019 წლის 25 იანვარს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს”, – აღნიშნულია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით აწარმოებს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კოდექსის მიხედვით, გრიგოლ ივანეიშვილს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






