ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი ახალი პროექტების განხორციელებისთვის საქართველოში მოქმედ საინვესტიციო ფონდებთან, მათ შორის „თანაინვესტირების ფონდთან" თანამშრომლობას გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციის ტანახმად, ბიზნესმენი საწარმოთა ამოქმედებას 4 ახალი მიმართულებით აპირებს. მათ შორის კვების მრეწველობისა და სამშენებლო მიმართულებით, ასევე ტარის წარმოების კუთხით.
„საკმაოდ დიდ საინვესტიციო პორტფელზეა საუბარი. პრობლემების ფონზე ეს პროექტები შეფერხდა. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ როგორც ადგილობრივ საინვესტიციო ფონდებთან და კომპანიებთან, ასევე უცხოურებთან", - აცხადებს ჩოჩელი.
ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ არსებული პრობლემების მიუხედავად, მისი ჯგუფი დარჩება საქართველოში უმსხვილეს ინდუსტრული ჯგუფად. ჩოჩელი აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წაყენებული რამდენიმე ბრალდების გამო შეფერხდა, როგორც არსებული საწარმოების განვითარება, ასევე ახალი მიმართულებების ათვისება, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნიდა.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფი იძულებული გახდა 700 სამუშაო ადგილი გაეუქმებინა. ჩოჩელის თქმით, ძირითად პრობლემას საწარმოთა დაყადაღებული ქონება ქმნის, რის გამოც შეუძლებელი ხდება მომწოდებლებთან, ბანკებთან და ინვესტორებთან ურთიერთობა.
„მძიმე პირობებია.. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, უახლოეს მომავალში მაინც დავიწყებთ 4 ახალი წარმოების მშენებლობას. როგორც კი მოგვარდება ჯგუფთან დაკავშრებული პრობლემები, ეს საკითხები უფრო წარმატებით და სწაფ ტემპში განვითარდება", - აცხადებს ჩოჩელი.
მასალის გამოყენების პირობები






