19-20 ოქტომბერს ეთნოგრაფიული მუზეუმი უმასპინძლებს ქართული ყველის რიგით IV ფესტივალს ეგიდით ,,ქართული ყველის ათასწლეული და მისი ევროპული მომავალი“. ფესტივალი სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მეყველეთა გილდიის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ქართული ყველის სახლი, კავკასიის განვითარების ბანკი-საქართველო, ფერმერული წარმოების რძის პროდუქტების ხელშეწყობის ფონდი(ფაფ).
საქართველოში ყველის წარმოების კულტურა ისეთივე უძველესია, როგორც ღვინის. წლევანდელი ყველის ფესტივალიც, სწორედ ქართული ყველის პოპულარიზაციას და საუკუნეების მანძილზე დაკარგული სახეობების აღორძინებას ემსახურებადა.
19 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე ფესტივალს გახსნის სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე. ქართული ყველის შესახებ ისაუბრებენ მეცნიერები და ექსპერტები: ეთნოგრაფი, პროფესორი თამილა ცაგარეიშვილი, ყველის წარმოების უხუცესი ტექნოლოგი ომარ მახარობლიძე და ფესტივალის ფარგლებში გამართული კონკურსის პროფესიული ჟიურის თავმჯდომარე ზურაბ ცქიტიშვილი. ფესტივალის გახსნის ცერემონიალის ბოლოს ,,ქართული ყველის“ იდეისა და კონცეფციის ავტორი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე შემაჯამებელი სიტყვით წარსდგება და სტუმრებს ფესტივალის დაარსების მოკლე ისტორიას გააცნობს.
წლევანდელი ყველის ფესტივალი გაცილებით მასშტაბურია. ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა სახეობის ყველის გვერდით, წარმოდგენილი იქნება ქართული ნუგბარი, ღვინო, თაფლი, რეწვის ნიმუშები და სუვენირები.
ყველის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მეყველეთა გილდიის პრეზენტაცია, ასევე ყველის გილდიის საპატიო წევრების მიღების ცერემონიალი (პერფორმანსი), სადაც გაცოცხლდება საუკუნოვანი ტრადიცია და თბილისის ჰამქარის მიერ მოხდება გილდიის უსტაბაშის არჩევა. გილდიის მიზანია - პირველი პროფესიული გაერთიანების შექმნა, საერთო სამარკო ნიშნის ქვეშ გაერთიანება, ერთიან სავაჭრო სივრცეებში მოქმედება, პროდუქციის ხარისხსზე და ვიზუალზე ზრუნვა, შიდა და საეთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის ერთიანი სამარკო ნიშნით წარმოდგენა.
მთელი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ ქართული ყველი, ასევე გაეცნონ ტენილი ყველისა და სვანური ელარჯის დამზადების პროცესს. ადგილზე მოხდება ჩურჩხელების ამოვლებაც. სხვადასხვა მაგიდაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ტკბილეული და ფუტკრის მრავალფეროვანი პროდუქცია: თაფლი, დინდგელი, ცვილი, ფიჭა, ყვავილის მტვერი, ფუტკრის რძე და სხვა.
ფესტივალზე საკუთარ პროდუქციას წარმოდგენენ კომპანიები: სნო, ხარება, თბილღვინო, მარანი, შატო მუხრანი, ჯი-ვი-ესი, კახური ტრადიციული მეღვინეობა, ვაინმენი, ქიმერიონი, თელიანი ველი, შუხმან ვაინს ჯორჯია.
ფესტივალის პირველი დღე დაიხურება კონცერტით, რომელსაც მომღერალი გია ნაცვლიშვილი წარუძღვება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი“ერქვანი“, კვარტეტი “ჰარმონია“ და სოფო ბედია.
მასალის გამოყენების პირობები






