მარჯანიშვილის მეტროსთან მომხდარი დაჭრის ფაქტზე 17 წლის ახალგაზრდაა დაკავებული. შინაგან საქეთა სამინისტროდან "ნიუპოსტს" აცნობეს, რომ 21 წლის ბიჭის დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული გ.რ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებული ვ.მ. ბასრი საგნის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვ.მ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული გ.რ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს"- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები






