ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე, „ნიუპოსტთან“ საუბრისას, პრემიერ-მინისტრისა და ჟურნალისტების დღევანდელ შეხვედრას აფასებს. ლაგაზიძე ივანიშვილის დღევანდელ განცხადებებს, ქვეყნის დემოკრატიული ლიდერის გამოსვლად აფასებს.
- დღეს პრემიერ-მინისტრმა, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი რჩევა იქნებოდა, საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, გიორგი მარგევლაშვილს მონაწილეობა არ მიეღო. ერთ-ერთ გადაცემში კი დავით უსუფაშვილმა განაცხადა, მეორე ტური ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის კარგი ვარიანტი იქნებოდაო, რას ემსახურება ამ შემთხვევაში ივანიშვილის რჩევა?
- დაპირისპირებას გამოვრიცხავ, პირიქით, ეს იმას მიანიშნებს, რომ კოალიცია ძალიან მრავალსახოვანია და იქ ბევრი მოსაზრების შეჯერება ხდება. რაც ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ ცუდია. რაც შეეხება მეორე ტურის თემას, პრემიერმა პირდაპირ მიანიშნა, რომ ის ამ თემის წამოწევას ახდენდა იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მიიზიდოს პირველ ტურში. მისი თვალსაზრისით, ეს იყო ალბათ მარგველაშვილისთვის ამომრჩევლის მოზიდვის საკმაოდ ეფექტური ხერხი, არჩევნებამდე სულ რაღაც 10 დღით ადრე.
- პრემიერმა დღეს ნინო ბურჯანაძეც შეაფასა არც თუ ისე კრიტიკულად. რამ გამოიწვია ივანიშვილის მსგავსი დამოკიდებულება ბურჯანაძისადმი?
- ნინო ბურჯანაძე ბაქრაძესთან დუეტში განიხილა და არც ერთი კანდიდატის მიმართ არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული კრიტიკულობით, რაც ზოგადად ახალი სიტყვაა ქართულ საარჩევნო ისტორიაში, იმიტომ, რომ ყოველთვის, პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ოპონენტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, წლევანდელი არჩევნები არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხრიდან, არამედ ყველა მონაწილის მხრიდან, მათ შორის ბაქრაძისა და ბურჯანაძის მხრიდან, ამ ნიშნით ნამდვილად გამოირჩევა, რომ ეს აგრესია და შეურაცხყოფა ყოველთვის ახლდა ქართულ საარჩევნო რიტორიკას, მაგრამ ამ არჩევნებს არ ახლავს, ეს რა თქმა უნდა სასიამოვნოა.
- თუმცა გიორგი თარგამაძისა და შალვა ნათელაშვილის მიმართ ნამდვილად გამოირჩეოდა კრიტიკულობით, თარგამაძეს მოღალატე, ნათელაშვილს კი „ლამის მასხარა“ უწოდა...
- პრემიერ-მინისტრმა მარგველაშვილის ძირითადი კონკურენტები დაინდო. ბაქრაძე და ბურჯანაძე, ანუ ისინი, ვისზეც მის აზრს სერიოზული გავლენა ექნებოდა. ეს ძალიან ხისტი ტონი იყო რა თქმა უნდა პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ, თუმცა, მას ეს ახასიათებს. ზოგადად ასეთი შეფასებები მისი მხრიდან, საზოგადოებისთვის ხელთათმანის სროლის ხასიათს ატარებს და თქვა კიდეც, რომ მე ვიცი, ამას საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვებაო, მაგრამ მე ამისთვის მზად ვარო.
- არასამთავრობო ორგანიზაციები, ივანიშვილის განცხადებას მეორე ტურთან დაკავშირებით, საზოგადოებაზე გარკვეულ ზეწოლად აფასებენ, თქვენ როგორ შეაფასებდით?
- დღევანდელი არჩევნები ისეთ გარემოში მიმდინარეობს, რომ მეტი ზეწოლის ფაქტები არის, სასაცილოა დღეს, დღევანდელი არჩევნების ფარგლებში ილაპარაკო ზეწოლაზე, როცა წარსულში გვაქვს ისეთი არჩევნები, როგორიც ყველას გვახსოვს.
ზეწოლად ამას რამდენად განვიხილავთ არ ვიცი, მაგრამ მან პირდაპირ თქვა, რომ სწორედ იმიტომ ვაფიქსირებ ამ აზრს, რომ მსურს ბევრი ამომრჩეველი მოვიდესო, ფაქტობრივად შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ ერთგავარად მარგველაშვილისთვის ხმის მიცემა, მისთვის ნდობის გამოცხადებად დასახა საზოგადოებისთვის, ასეთი დილემა შესთავაზა, რომ მარგველაშვილისთვის ხმის მიცემა, ჩემთვის ნდობის გამოცხადების ტოლფასიაო. რა თქმა უნდა, ეს მისი მხრიდან იყო ამომრჩევლის მოზიდვისთვის გადადგმული ეფექტური ნაბიჯი, მე ასე ვფიქრობ.
თუმცა, ამ თვალსაზრისითაც მოსაზრებები განსხვავებული იყო. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მეორე ტურთან დაკავშირებით პრემიერის გამონათქვამებმა შესაძლოა უკურეაქცია გამოიწვიოს, მაგრამ ჩემთვის პრემიერის გამოსვლაში მნიშვნელოვანი რამდენიმე ასპექტი იყო, რომლის გამოც მე სოციალურ ქსელში დავწერე, რომ ეს იყო ქვეყნის დემოკრატი პირველი პირის გმოსვლა.
ის არ არის რევანშზე ორიენტირებული და ის ამ მხრივ საზოგადოების დიდ ნაწილს უპირისპირდება. პირველი შემთხვევა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, როდესაც ის ღიად ამბობს, თავის ძირითად პოლიტიკურ ოპონენტზე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომ მას ჰყავს პროფესიონალი კადრები იგივე პარლამენტში, ამას ყურადღება არავინ მიაქცია, არადა ეს იმ გამონათქვამებთან ერთად, რომლებიც კრიტიკის ობიექტი გახდა და არასწორად იქნა აღქმული, იყო ძალიან ბევრი გამონათქვამი, რომელსაც სრულიად ახალ ჭრილში გადაჰყავს ქართული პოლიტიკა.
მაგალითად ზუსტად ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების ნაწილი გაცილებით პროფესიონალია, ვიდრე „ქართული ოცნებიდან“ გადასული დეპუტატები, აბსოლუტურად რაციონალური მიდგომაა და კიდევ სრულიად ახალი მიდგომა არის ქართულ პოლიტიკაში და აქ ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის დასავლეთის ზეწოლა.
ყბადაღებული თემა, რომ დასავლეთი გვაწვება კოაბიტაციაზე. მან სრულიად რაციონალურად შეაფასა ეს შანსები. ის, რომ ზოგადად დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალა რევანშზე და შურისძიებაზე არ არის ორიენტირებული, მიუთითებს, რომ ცდილობს ყველა პოლიტიკური ძალიდან რაციონალური აკრიფოს და ყველას მისცეს ამ რაციონალურის გმოყენების საშუალება. ის, რაც მომგებიანია ყველა პოლიტიკურ ძალაში. ეს ნამდვილად მისასალმებელია, მაგრამ მეორეს მხრივ საზოგადოების რეაქცია ამაზე ძალიან უარყოფითია.
საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ითხოვს სამართლიანობის აღდგენას თუ რევანშს, საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილში არის „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისგების სურვილი. მას არ ეშინია საზოგადოების ამ ნაწილთან დაპირისპირების. იმიტომ, რომ ის თვლის, რომ ის ამაში მართალია. იმდენად პატარაა პოლიტიკური სპექტრი და იმდენად მცირეა ადამიანური რესურსი ამ პოლიტიკურ სპექტრში, რომ ნამდვილად არ არის დასაკარგი არცერთ პოლიტიკურ ძალაში არსებული რაციონალური მარცვლები.
ისიც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლება, ისტორიაში პირველად არ იყენებს მისთვის მუდმივად ჯიბეში ჩადებულ ხმებს. ასეთ პრეცენდენტებზე იგება მომავალი.
ჩემს გაცხადებასაც ბევრი უკმაყოფილო გამოხმაურება მოჰყვება საზოგადოების იმ ნაწილისაგან, რომლისთვისაც უპირველესი მოთხოვნა არის სწორედ ეს პასუხისგება, მაგრამ როდესღაც რაციონალიზმი ქართულ პოლიტიკაშიც უნდა შემოვიდეს. აქ გარკვეულწილად მოქალაქეობრივი სიმამაცეც არის, როდესაც არჩევნებამდე 10 დღით ადრე ქვეყნის პირველი პირი გამოდის და ამბობს, რომ ჩემი პოლიტიკური ძალის დეპუტატებზე კვალიფიციურები გარკვეულ საკითხებში არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევაა ზოგაგდად ქართულ პოლიტიკურ კულტურაში.
- დღევანდელ შეხვედრაზე, პრემიერმა აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა ექსპერტები გარკვეულ ფულად ანაზღაურებაზე რომ არ იყიდებოდნენო, როგორ ფიქრობთ, რას გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი?
- ექსპერტული საზოგადოებაც გარკვეული ფენაა, რაც ალხანაა ისაა ჩალხანაც, როგორი საზოგადოებაც არის, ისეთივეა ჩვენი წარმომადგენლობაც, ზოგი ამჟღავნებს თავის სიმპათიას გარკვეული პოლიტიკური ძალის მიმართ. ეს სიმპათია შესაძლოა მართლაც ფინანსური დაინტერესებით იყოს მოტივირებული. შესაძლოა ასეც არ იყოს და უბრალოდ იდეურად სჯეროდეს იმისა, რასაც მხარს უჭერს.
გარდა ამისა, არიან ექსპერტები, რომლებიც გრანტებით ფინანსდებიან და დამფინანსებელს ყოველთვის აქვს გარკვეული გავლენა იმაზე, თუ რა მოსაზრებებს გამოთქვამს ექსპერტი საჯარო სივრცეში. მაგრამ სწორედ ამის დასაბალანსებლად შევთავაზე მას ექსპერტებთან შეხვედრაზე, ქართული ბიზნეს ფონდის შექმნა, რომელშიც არა მხოლოდ მისი, არამედ ქართული მსხვილი ბიზნესის მობილიზება მოხდება, იმისათვის, რომ ალტერნატიული ფინანსური დახმარება გაუწიოს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ იქნება.
დღეს ხომ აღარ არის ის სიტუაცია, როდესაც ბიზნესს ატერორებდნენ. ნებისმიერი გონიერი ბიზნესი და გონიერი ბიზნესმენი უნდა ხვდებოდეს იმას, რომ მისი განვითარების საუკეთესო ფარი არის განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება. თუკი ასეთი ფონდი შეიქმნება, ეს იქნება მსხვილი ბიზნესის მიერ დაფინანსებული, რომელიც ამ მტკივნეულ პრობლემას გაანეიტრალებს და შექმნის ახალ სახეებს.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






