თბილისის საქალაქო სასამართლომ ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთ ბრალდებულ მაიზერ ლიპარტელიანს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
"საქმის მასალების თანახმად, 2012 წლის 26 ნოემბერსა და 14 დეკემბერს, მ. ლიპარტელიანი მოწმის სახით დაიკითხა ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეზე და განაცხადა, რომ ავტომატური ან სხვა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მას მკვლელობის ადგილზე არ შეუნიშნავს. თუმცა, 2013 წლის 21-22 და 25 თებერვალს, მოწმის სახით მიცემულ ჩვენებებში, ასევე ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ პატრულის თანამშრომლების ხელში დაინახა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და რევოლვერი, რაც მათივე განმარტებით, გარდაცვლილი რობაქიძის მეგობრებს აღმოაჩნდათ დაკავებისა და ჩხრეკის პროცესში.
ლიპარტელიანს ასევე ბრალად ედებოდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ატაშეს - ნ. ჯანჯღავას ადმნისტრაციული წესით უკანონო დაკავებისა და დაკავების შესახებ ყალბი დოკუმენტების შედგენის ორგანიზება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად მაიზერ ლიპარტელიანი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, განზრახ უკანონო დაკავების და სამსახურებრივი სიყალბის ორგანიზების ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა. ხოლო, სხვა პირადი მოტივით მოწმის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ბრალდებასთან მიმართებაში, საქმის არსებითი განხილვისას, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადგინდა მოწმის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის პირადი მოტივი და საბოლოოდ, პირის მსჯავრდება მოხდა მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლისათვის, რაც გამოიხატა მოწმის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემაში", - აცხადებენ საქალაქო სასამართლოში.
მასალის გამოყენების პირობები






