ბეჟანიძის გასაიდუმლოებული შეწყალება არ არის ერთადერთი, როცა ქვეყნის პირველმა პირმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სასტიკი დანაშაულისთვის გასამართლებული პირი ციხიდან გამოუშვა.
მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა უმძიმესი ბრალდებით დაკავებული სპორტსმენი, 20 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებული, რამაზ დევიძეც შეიწყალა. „ნიუპოსტი“ ამ სკანდალური შეწყალების შესაძლო დამკვეთის შესახებ უკვე წერდა, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, "ქართული ოცნების" მიერ ე.წ ქურდული სამყაროსთან დადებულ პირობამდე და "კრიმინალურ ავტორიტეტამდე" ლავას ოღლიმდე მიდიოდა.
დღეს კი იმას ვარკვევთ, ვისი დავალებით ან რა კრიტერიუმით შეიწყალა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 18 წლის ბიჭის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე. როგორც წინა, რეზონანსული შეწყალების შემთხვევაშიც, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ჟურნალისტებს ამჯერადაც გაურბის.
პრეზიდენტისგან კითხვებზე პასუხებს ითხოვენ ოთხმეზურებიც, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან და ეს არასდროს დაუმალავთ.
18 წლის დავით ოთხეზური ყველასთვის ცნობილი ისტორიკოსის, მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილია.
„ნიუპოსტი“ ასლან ბეჟანიძის ადვოკატს, ირაკლი ჩომახაშვილს ესაუბრა. უფლებადამცველი ამბობს, რომ „პრეზიდენტმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ეს იყო დაგვიანებული შეწყალება“.
ჩომახაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება და საპყრობილე აქამდეც უნდა დაეტოვებინა.
„როგორც იცით, მკვლელობა ვიღაც პირის მიერ განხორციელდა 2004 წელს. 2016 წელს, პროკურატურაში შეიცვალა დეპარტამენტი და უწყებამ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. მოიყვანეს დაახლოებით 4 მოწმე. მათ შორის იყვნენ: შანიძე, მორჩილაძე. ამ ადამიანებს პროკურატურა ბევრ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ იყენებს. საგამოძიებო უწყებამ სასამართლოში მოიყვანა რამდენიმე ცრუ მოწმეც, რომლებიც ასევე ცრუ ჩვენებას აძლევდნენ. ჩვენ, დაცვის მხარემ ეს მოწმეები ჯვარედინი დაკითხვის წესით პირველ ისტანციაში დავკითხეთ და გამოვლინდა, რომ მოწმეები იტყუებოდნენ, რაც საქალაქო სასამართლომ დაადასტურა და ბეჟანიძე უდანაშაულოდ სცნო. პროკურატურის მოწმეები ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს იძლეოდნენ, მაგალითად ერთ-ერთმა ძმაკაცმა თქვა, რომ შემთხვევისას დაახლოებით 500 მეტრიდან დაინახა, როგორ ურტყამდა დანას ასლან ბეჟანიძე დავით ოთხმეზურს. შეკითხვაზე, რატომ არ მივიდა დაჭრილის დასახმარებლად, თქვა, რომ შეყვარებული ელოდებოდა და მასთან ეჩქარებოდა. დაახლოებით ასეთი ჩვენები იყო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, რაც სასამართლოს პირველი ინსტანციისთვის არადამაჯერებელი აღმოჩნდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, სამი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ და დაადგინა, რომ ბეჟანიძე არ იყო აღნიშნულ დანაშაულში დამნაშავე და პროკურატურამ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულება. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, ჩემთვის რაც ყველაზე გასაკვირი იყო ის გარემოება, უზენაესმა სასამართლომ ზეპირი სხდომა ისე ჩანიშნა, რომ საფუძველიც კი არ არსებობდა, რადგან წინა ორმა ისტანციამ კარგი და საფუძვლიანი გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროცესი მოსამართლე გიორგი შავდიაშვილს დაეწერა, სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარეს, რომელმაც თავიდან ბოლომდე შეისწავლა ეს საქმე და თქვა, რომ დამნაშავე არ არის ასლან ბეჟანიძე, ანუ განსხვავებული აზრი დაწერა. რაც შეეხება დანარჩენ ორ მოსამართლეს, ესენი არიან ნინო გვენეტაძე და პაატა სილაგაძე, რომლებზეც ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული ზეგავლენა მოახდინა პროკურატურამ და დაზარალებულის ოჯახმა. პაატა სილაგაძე სწორედ ამიტომ ინიშნება ხელახლა უზენაეს სასამართლოში. ნინო გვენეტაძესთან კი ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. ისინი გიორგი შავლიაშვილისგან განსხვავებით საქმეს საერთოდ არ იცნობდნენ და გამოიტანეს გამამტყუნებელი, ძალიან სამარცხვინო განაჩენი"- განაცხადა ჩომახაშვილმა.
ადვოკატი ამბობს, რომ პრეზიდენტს შეწყალებით ადვოკატებმა მიმართეს და სალომე ზურაბიშვილთან სხვა პირს არ უშუამდგომლია.
"მე ამ შეწყალებას დაგვიანებული შეწყალების ქრონიკა ვუწოდე. ბეჟანიძე დიდი ხნის წინ უნდა შეეწყალებინათ. იგივე მოთხოვნით ჩვენ წინა პრეზიდენტსაც მივმართეთ, რადგან უზენაესი სასამართლოს განაჩენი იყო დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული. პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეწყალების მოთხოვნით ჩვენ, ადვოკატებმა, ოჯახთან კონსულტაციის შედეგად მივმართეთ. არანაირი სხვა პირი საქმეში არ ფიგურირებს"- უთხრა "ნიუპოსტს" ადვოკატმა.
ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სერიოზულ დაავადებას ებრძვის.
"მისი ჯანმრეთელობის მდგომარეობა ახლაც რთულია და 2004 წელს უფრო რთულად იყო და ის ამ დანაშაულს ვერანაირად ვერ ჩაიდენდა. ჯერ ერთი ბეჟანიძე ასაკით ოთხმეზურზე პატარა იყო და თუ დამ იჯერებთ ადგილზე საერთოდ არ ყოფილა. მას ფსიქიკური პრობლემები აქვს და ამის მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეში დევს. ეს არის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ ოთხმეზურს დღესაც 14-15 წლის ბავშვის აზროვნება აქვს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო ამ ყველაფერს და პირველმა და მეორე ისტანციამ სრულიად გაამართლა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი"- ირწმუნება ჩომახაშვილი.
კითხვაზე რატომ იმალებოდა ბეჟანიძე 12 წლის განმავლობაში, ადვოკატმა "ნიუპოსტს" უთხრა, რომ ბეჟანიძე არსად მიმალულა, უბრალოდ საქმე გვიან, 2016 წელს გამოაცხადეს გახსნილად.
"ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში იყო და მის მიმართ 2016 წლამდე არანაირი პრეტენზია არ არსებობდა. ჩვენც ძალიან გაკვირვიებულები ვიყავით, რადგან 12 წლის განმავლობაში, მათ შორის ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც და მაშინაც როცა პირველ-მეორე ისტანციაში მისი გამართლების შემდეგ მის მიმართ პრეტენზია არ არსებობდა. 2016 წელს ჩემი ხელით ჩავაბარე, როცა უზენაესმა გაამტყუნა... შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ამ ადამიანს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება, ვინაიდან ძალიან რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. ჩემთვის უცნობია რაში დასჭირდა დაზარალებულის ოჯახს ბეჟანიძის წინააღმდეგ გამოთქმული პრეტენზია?! ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის პროკურატურის დამსახურება, რადგან უნდოდა ეს სისხლის სამართლის საქმე გაეხსნა, რადგან დანაშაული წინა ხელისუფლებამ ვერ გახსნა. მიუხედავად პრეზიდენტის მიერ სამართლიანი შეწყალებისა, ჩვენ ბრძოლას არ ვწყვეტთ, გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ევროპულ სასამართლოში, დარწმუნებული ვარ, დარღვევა დადგინდება", -განაცხადა ჩომახაშვილმა.
დავით ოთხმეზური თბილისში, პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთასთან 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს. სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძე კი 2016 წლის 26 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რამდენიმეწლიანი სასამართლო დავის შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ ბეჟანიძე ოთხმეზურის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. აღსანიშნავია, რომ საქალაქომ და სააპელაციო სასამართლომ ბეჟანიძე უდანაშაულოდ სცნო.
ამის შემდეგ დაზარალებულმა მხარემ საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
2018 წლის 2 მარტს ბეჟანიძე ისევ დააკავეს. ამავე წლის 29 მარტს კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, მას განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.
მასალის გამოყენების პირობები






