თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ნიკა გილაური დაკითხა:
"მაგ დროს მე ფინანსთა მინისტრი ვიყავი. თანხები, რომელიც გამოიყო პარლამენტში გვაქვს წარდგენილი საბიუჯეტო ცვლილებების სახით. გამოდის, რომ რაზეც პროკურატურა დავობს ის თანხა მთავრობამ დაამტკიცა. ეს ცვლილებები შევიდა პარლამენტში, მან განიხილა, დაამტკიცა, მერე შევიდა პრეზიდენტთან, მანაც ხელი მოაწერა, მერე თბილისის მთავრობამ დაამტკიცა და მერე საკრებულომ განიხილა და დაამტკიცა. ამის შემდეგ კი თანხები დაიხარჯა.
დავობენ რატომ დახარჯა თბილისის მერიამ ეს თანხა, წარმოიდგინეთ, რომ აბსოლუტურად ყველა თანხაზე, რომელიც დღეს იხარჯება, ასეთივე ლოგიკით შეიძლება დაისვას კითხვის ნიშნის ქვეშ, იგივე ლოგიკით შეიძლება დაისვას კითხვა რატომ იყო ეს თანხა ხელფასებისთვის და პენსიისთვის განსაზღვრული ბიუჯეტიდან, ასევე გზებისთვის. ყველაფერი რაც ბიუჯეტშია გაწერილი პარლამენტის მიერ არის დამტკიცებული.
საუბარია თანხაზე, სადაც ყველა პროცედურა დაცულია. კითხვას სვამს პროკურატურა, თუ რატომ დახარჯა ეს თანხები თბილისის მერიამ. თანხის მიზნობრიობა ჩემს მოვალეობაში არ იყო და როგორ იქნებოდა, როდესაც თბილისის აქვს თავისი საკრებულო, რომელიც ბიუჯეტის მიზნობრიობას განსაზღვრავს. პროკურატურამ არადამადასტურებელი კითხვა დამისვა", - განაცხადა ნიკა გილაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






