„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა გუშინ საღამოს სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთერთი ციხის ყოფილი უფროსი ლაშა ბრეგვაძე სასტიკადაა ნაცემი, მის ცემას კი წინ გატაცება უძღოდა.
ანი ნადარეიშვილი ბრეგვაძის გატაცებას „ქურდებთან“ მებრძოლებზე ნადირობის“ გაგრძელებად მიიჩნევს და წერს, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, დავით ჩხიტუნიძეზე ცოტა ხნის წინ მომხდარი თავდასხმის შემდეგ.
ნადარეიშვილის ინფორმაციით, ლაშა ბრეგვაძე სცემეს, ფოტოები გადაუღეს და მის თვალწინვე გაუგზავნეს ერთერთ კრიმინალურ ავტორიტეტს. მოგვიანებით, ნაცემი ლაშა ბრეგვაძის ფოტო ექსკლუზიურად მოიპოვა და გაავრცელა „ზონანიუსმა“:
"ნადირობა ქურდებთან მებრძოლებზე გრძელდება! ციხის ყოფილი დირექტორი ლაშა ბრეგვაძე გაიტაცეს კრიმინალებმა, სასიკვდილოდ ცემეს და ეუბნებოდნენ, რომ შეეგინებინა ბაჩოსთვის.
გადაუღეს ფოტოები და ვიდეო და მისივე თვალწინ გაუგზავნეს ერთ-ერთ ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს. ასევე უთხრეს, რომ კანონიერი ქურდების უპატივცემულობას სისხლად ამოანთხევინებდნენ ყველას, მათ შორის ბაჩოსაც.
დეტალებს ვადგენ და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით დავდებ. შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მეორე ფაქტია, პირველი როგორც გახსოვთ ორი თვის წინ დავით ჩხიტუნიძეზე თავდასხმა იყო, რასაც ბაჩოს მწვავე განცხადება მოყვა.", - წერს ანი ნადარეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






