,,გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ პრემიერ-მინისტრს ე.წ. reality check (რეალობის გადამოწმება) ესაჭიროება, რადგანაც ის იზოლირებული ხედვის ტყვეობაშია.
ამას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: 1. მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ბატონი ივანიშვილი იღებს ზედმეტად "გაფილტრულ" და ცენზურაგავლილ ინფორმაციას; და 2. მას არ უნდა იმის დანახვა, რაც არ სიამოვნებს, როგორი ფაქტობრივი მასალითაც გამყარებული არ უნდა იყოს ეს ინფორმაცია. (მაგალითად მსოფლიო ბანკის სტატისტიკის უარყოფა, ან მსოფლიო მაშტაბის მაღალი სანდოობისმქონე ჟურნალ Economist-ის ივანიშვილისეული შეფასება)
ზემოთმოყვანილი მიზეზებიდან პირველი გამოსწორებადია, სურვილი შემთხვევაში, ბუნებრივია. მაგრამ, ვშიშობ, რომ საქმე აქ მეორე მიზეზთან გვაქვს - ბიძინა ივანიშვილს არ შეუძლია განსხვავებული აზრის ატანა და ეს ტენდენცია მას, სავარაუდოდ, მძიმე ჩვევაში აქვს გადასული. ეს მან უკვე რამოდენიმეჯერ აჩვენა სახალხოდ - ასე რომ ამას უკვე დროებით უხასიათობას ვერ დავაბრალებთ. აქ ძველი ჩინური სიბრძნე მახსენდება: "...ო, ბედნიერებავ, შენა ხარ სათავე უბედურებისა". ამით იმის თქმა მინდა, რომ ბატონი ივანიშვილი საკუთარი წარმატებების მიერ შექმნილი ილუზიების ტყვეობაშია და მართლაც სჯერა, რომ რადგან იგი ყველაზე მდიდარია (ამ ქვეყანაში მაინც), ის ასევე ყველაზე ჭკვიანიცაა, მართალიც, ობიექტურიც, შორსმჭვრეტელიც და ვიზიონერიც.
ზედმეტია თქმა, რაოდენ საშიშ და მძიმე ფსიქოლოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. აქ ფული, თუნდაც ძალიან ბევრი, ვერაფერს გააწყობს. აქ კოსმოსურმა სიმეტრიამ იმუშავა - რაოდენ ძალიანაც გაუმართლა ერთი მიმართულებით პრემიერ-მინისტრს, ზუსტად იმდენადვე ხელმოცარულია ის სრულიად სხვა, ძალიან მნიშვნელოვან საკითხში“, - წერს ნიკა რურუა.
მასალის გამოყენების პირობები






