დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიურო (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისია, შუალედურ დასკვნას აქვეყნებს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინაპერიოდი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით მშვიდად ვითარდება: "იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების მოსაზრებათა თანახმად, რომლებთანაც ურთიერთობა აქვს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას, ამჟამინდელი საარჩევნო კამპანია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში განიხილება და ის აშკარად უფრო მშვიდია. მთავრობამ განაცხადა, რომ განზრახული აქვს სანიმუშო არჩევნების ჩატარება:
ამის შესახებ თქვა პრემიერ-მინისტრმა, როცა განაცხადა, რომ "მთავრობა და მთლიანი ადმინისტრაციული სისტემა – საბიუჯეტო სახსრები, პოლიცია და ყველა სხვა სახელმწიფო ორგანო, მიმართული იქნება თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისა და არა რომელიმე ერთი კანდიდატის გამარჯვების ხელშეწყობიკენ", - ნათქვამია შუალედრ ანგარიშში.
აღნიშნულის მიუხედავად, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის "დაძაბული კოჰაბიტაციის ნიშნებია". "საარჩევნო კამპანიის დასაწყისიდანვე აშკარაა მმართველ კოალიციასა ("ქართული ოცნება") და საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") და მათ ლიდერებს შორის დაძაბული კოჰაბიტაციის ნიშნები. ამას ემატება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე ხელმძღვანელი პირის, მათ შორის, გენერალური მდივნის, დაკავება და წინასწარი პატიმრობა.
შედარებით ნაკლებად, მაგრამ ამომრჩეველთან ურთიერთობისთვის ასევე გამოიყენება ინტერაქტიული ვებ-გვერდები და სოციალური ქსელები. მრავლადაა ნინო ბურჯანაძისა და გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო ბილბორდები თბილისში, შედარებით იშვიათია ისინი საქართველოს სხვა რეგიონებში.
შედარებით ნაკლებია დავით ბაქრაძის ბილბორდები. ამომრჩევლებთან შეხვედრების რაოდენობა სტაბილურად იზრდება სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გახსნის დღიდან მათ შეკრებებზე ზეწოლისა და დაშინების შემთხვევების შესახებ, რის შედეგადაც, სულ მცირე, 16 ადამიანია დაჯარიმებული“, - ნათქვამია დასკვნაში.
მასალის გამოყენების პირობები






