სვეტიცხოვლის ტაძარში, სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა.
უწმინდესმა შეკრებილ მრევლსა და სტუმრებს ქადაგებით მიმართა:
"ჩვენ ვდგევართ იმ წმინდა ადგილზე, სადაც დაფლულია უფლის კვრათი და წმინდა ილია თეზბიტელის ხალენი. ჩვენ ვდგევართ ისეთ ადგილზე, სადაც მრავალი ქართველის სისხლი დაღვრილა და სადაც მრავალი მეფეები და პატრიარქი განისვენებს. დღეს ცა და დედამიწა ზეიმობს რა უნდა ვთხოვოთ უფალს? მადლი რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულოვანთა აღმავსებელი. ღმერთი ადამიანის გულს ხედავს, ჩვენ არ უნდა დავკრგოთ უფლისგან მონიჭებული და თვალისჩინივით გავუფრთხილდეთ ჩვენს ფასეულობებს - ეროვნებას, ენას, მართლმადიდებელ სარწმუნოებას, იმ დროს როდესაც დედამიწაზე ასეთი ცვლილებები ხდება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით. ჩვენ უნდა წავიდეთ სრულყოფისაკენ, მაცხოვარი ამბობს, იყავით სრულყოფილი ვითარცა მადლი ჩვენი სრულყოფილ არს. მამაზეციერის მსგავსად სრულყოფას ადამიანი ვერ მიაღწევს, მაგრამ ეს სიტყვები მეტყველებს, რომ ადამიანის სრულყოფა დაუსრულებელია. ისეთი საქმეები უნდა გავაკეთოთ, რომ სრულყოფა გაგრძელდეს ზეციურ ქვეყანაში“, - განაცხადა უწმინდესმა.
მასალის გამოყენების პირობები






