ამ დრომდე უცნობია რა მოხდა სოფელ ყანდაურაში და ვინ მოკლა 5 ადამიანი. მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს ბრალი დაუზუსტდა და ამჟამად მას არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავებიან.
ექსპერტიზის დასკვნამ შესაძლოა პროკურატურის გამოძიება თავდაყირა დააყენოს.
თავდაპირველი ვერსიით, მკვლელობა 85 წლის ომარ გამყრელიძემ ჩაიდინა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა. 85 წლის მამაკაცი პოლიციამ დააკავა.
მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა გამოძიების მსვლელობისას ახალი გარემოებები გამოიკვეთა და 5 ადამიანის მკვლელობა არა ომარ გამყრელიძეს, არამედ მის შვილს ნოდარ გამყრელიძეს ედება ბრალად. რომლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
52 წლის ყოფილმა სპეცრაზმელმა და აფხაზეთის ომის მონაწილემ ნოდარ გამყრელიძემ გამოძიების ახალი ვერსიით, მამის დახმარებით მოკლა დედა და შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით ესროლა, ძმას, რძალს და მეზობელ დედა-შვილს.
გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს დანარჩენი ოთხი ადამიანის მკვლელობის იარაღი. ექსპერტიზის დასკვნით, ოთხივე მათგანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებითაა მოკლული. შესაბამისად, დაუდგენელია ოთხი ადამიანის მკვლელის ვინაობაც. ხოლო ომარ გამყრელიძის მეუღლე გეკოს ტიპის იარაღით არის მოკლული, რომელიც შემთხვვეის ადგილას ეზოში იპოვეს.
გამყრელიძეების ადვოკატის გილერი ენდელაძის თქმით, მკვლელობის იარაღზე, რომელიც სახლიდან იქნა ამოღებული, არც ნოდარ გამყრელიძის, არც ომარ გამყრელიძის და არც მისი შვილიშვილის ომარ უმცროსი გამყრელიძის დნმ-ის კვალია მკვლელობის იარაღზე აღმოჩენილი. ამიტომ ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიების არცერთი ვერსია რეალური არ არის და დღემდე უცნობია ვინ მოკლა 5 ადამიანი.
ასევე თავდაყირა დგება გეკოს ტიპის იარაღით მკვლელობის ვერსიაც, რადგანაც ადვოკატის თქმით, ექსპერტიზის კიდევ ერთი დასკვნით, ბრალდების ამჟამინდელ ვერსიასაც ეჭვქვეშ დგება.
„პროკურატურის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები რაც არის, ყველაფერი არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების სასარგებლოდ. პროკურატურის ამჟამინდელი ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ომარ გამყრელიძე შვილს, ნოდარ გამყრელიძეს დედის მკვლელობაში დაეხმარა და გეკოს ტიპის იარაღიდან ელიზა გამყრელიძე სასიკვდილოდ დაჭრა ექსპპერტიზის დასკვნით არ მტკიცდება.
ექსპერტის დასკვნა მიუთითებს რომ ტყვია რომლიდანაც გარდაცვლილი არის ქალბატონი, ვერ დგინდება ეს ტყვია რომელი იარაღიდან არის ნასროლი.
ასევე, გვაქვს ექსპერტის დასკვნები სადაც ნოდარი ომარის ძე გამყრელიძეს ეხება, რომ მისი არც დნმ და არც ანაბეჭდი საბრძოლო მასალაზე, რომელსაც ედავება პროკურატურა, არ აღმოჩნდა. რა თქმა უდნა, გამოძიებას არ აწყობს რომ დაფიქსირდეს, მის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული," - განაცხადა ომარ გამყრელიძის ადვოკატმა გილერი ენდელაძემ.
ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურის ყველა ვერსია მკვლელობებთან დაკავშირებით მცდარია და ვერცერთი არგუმენტებით ვერ ამყარებენ. მათ ყველა მტკიცებულებას ექსპერტიზის დასკვნები თავდაყირა აყენებს.
„მკვლელი პროკურატურის აზრით, არის შვილი ნოდან გამყრელიძე. იგივე უაზრობამდე მივიდნენ, ანუ, მამა დაეხმარა შვილს მოეკლა დედა და ძმა. ამაზე მტკიცებულებები არ აქვთ, მოწმე არ არსებობს. ნოდარ გამყრელიძე კაციშვილს არ დაუნახია 2 დღის მანძილზე. მკვლელობის დროს მას სოფელი უკვე დატოვებული ჰქონდა",- აღნიშნა ადვოკატმა.
ენდელაძის მტკიცებითვე, მკვლელი გამყრელიძეების ოჯახის არც ერთი წევრი არ არის და ის არ გამორიცხავს, რომ 5 ადამიანის მკვლელობა, დაკავებული ომარ გამყრელიძის შვილის ნოდარ გამყრელიძის საქმიანობას უკავშირდებოდეს.
"არ არის გამორიცხული, რომ ეს სასტიკი მკვლელობები ნოდარ გამყრელიძის ცხოვრებას და წარსულს უკავშირდებოდეს. ის 90-იანი წლებიდან სამხედრო პირი იყო, სპეცრაზმშიც მსახურობდა, ლაფანყურის ოპერაციაშიც მონაწილეობდა. არ არის გამორიცხული მის საქმიანობას უკავშირდებოდეს ეს ყველაფერი და სწორედ ნოდარისთვის მივიდნენ ყანდაურაში. ვიმეორებ, პროკურატურას მოწმეები არ ჰყავს. უბრალოდ ეს საქმე როგორღაც მოათრიეს სასამართლომდე",- განაცხადა ადვოკატმა.
წყარო: რეზონანსი
მასალის გამოყენების პირობები






