საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებაში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარებაა განხილული და ის რუსეთის ქმედებების მიმართ კრიტიკით გამოირჩევა.
მედიის წარმომადგენლებს სინოდის განჩინების დეტალები საპარტიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ გააცნო:
,,უნდა შეწყდეს ცხინვალის რეგიონში რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლება. ყველაფერი გაკეთდეს, რათა დაიწყოს რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელებისა და დევნილთა დაბრუნების პროცესი.
მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების უნებართვო შესვლისა და მათ მიერ ახალი ტაძრის საძირკვლის კურთხევის შესახებ ტყვარჩელსა და სოხუმთან განთავსებულ სამხედრო ბაზებზე, რაც საეკლესიო კანონების უხეში დარღვევაა. რადგან ცნობილია, რომ აფხაზეთში ტაძრის მშენებლობის კურთხევას გასცემს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი“, - ნათქვამია სინოდის განჩინებაში.
განჩინებაში ასევე ჰპოვა ასახვა ბოლო დროს საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარმა რამდენიმე დაპირისპირებამ, რასაც სინოდი ხელოვნურად შექმნილ პრობლემად განიხილავს:
„სამწუხეროდ, უკვე არაერთხელ ჰქონდა ადგილი მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის სიტუაციის დაძაბვის მცდელობას, რაც ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა. წმინდა სინოდმა დაადგინა, ეთხოვოს ხელისუფლებას დროულად გამოიძიონ განვითარებული მოვლენები“, - განაცხადა დეკანოზმა დავით შარაშენიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






