იმის მიუხედავად, რომ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა გარდაცვლილი პატიმრის გოგა ძველაიას ოჯახის წევრებთან, ადვოკატთან და ექსპერტთან ერთად ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ის საკანი დაათვალიერა, სადაც თვითმკვლელობა მოხდა, პატიმრის ოჯახი ისევ უარს აცხადებს ცხედრის დაკრძალვაზე და თვლის, რომ გოგა ძველაია მოკლეს.
ოჯახის წევრები იმ ვიდეოფირების შესწავლასაც მოითხოვენ, რომლითაც თვალსაჩინო გახდება, როგორ გადაადგილდებოდა პატიმარი თვითმკვლელობამდე და ვინ შედიოდა მასთან საკანში.
საკანი ოჯახის მიერ დაქირავებულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა დაათვალიერა და განაცხადა, რომ მისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ის ნივთები, რაც საკანში იყო, ასევე სიმაღლე და პატიმრის ხელნაწერი. „მარყუჟის დათვალიერების შემდეგ მე ჩემს დასკვნას დავწერ“, - თქვა ექსპერტმა და მანამდე დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
რაც შეეხება გოგა ძველაიას მამას, მან საკნიდან გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ ეჭვები არ მოხსნილა და 50%-ით დარწმუნებულია მისი შვილის მკვლელობის ფაქტში.
მასალის გამოყენების პირობები






