სანამ თბილისსა და რუსთავში "ფორსაჟ 9-ს" ეპიზოდს იღებენ, მსოფლიო საშემოდგომო კინოპრემიერებისთვის ემზადება. სია და ფილმებში მონაწილე მსახიობები მართლაც შთამბეჭდავია.
1. "ირლანდიელი" - მარტინ სკორსეზე
ტიპიური სკორსეზეს ფილმი, რომელიც Netflix-ზე გავა. მსახიობებიც სკორსეზესეულია: ალ პაჩინო, დე ნირო, ჯო პეში და აშ. ფილმის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ფილმი ნოემბრის ბოლომდე გამოჩნდება ტელეეკრანებზე.2. "რემბო - 5"
საშუალო თაობის მაყურებეკს კარგად ახსოვს გულისგამაწვრილებელი თარგმანის თანხლებით, ნახევრად ლეგალურად, წინაისტორიულ ნაქირავებ VHS-კასეტებიან ვიდეომაგნიტოფონებზე ნანახი ლეგენდარული ფრანჩიზა. სტალონე ახალგაზრდობას გვახსენებს და მეხუთე ფილმის ჩვენებას საშემოდგომოდ გვპირდება.

3. "ვარსკვლავებისკენ"
როგორც იქნა დადგა კოსმოსში ბრედ პიტის გაფრენის დროც. კოსმოსური ინჟინერი, რომელსაც აუტიზმის იოლი ფორმა აქვს ნეპტუნისკენ მიემგზავრება დაკარგული მამის საძებნელად. თანამგზავრებიც შესანიშნავი ჰყავს - ლივ ტაილერი და ტომი ლი ჯონსი.

4. "მალეფისენტი - ბნელეთის მბრძანებელი"
2014 წელს გამოსული ამ ფენტეზის პირველი ფილმი კრიტიკოსებმა ცივად მიიღეს, თუმცა მაყურებელს მოეწონა, რაშიც უდავოდ დიდი წვლილი ანჯელინა ჯოლის მიუძღვის. რეჟისორებმა დაიყოლიეს ანჯელინა და ფილმის მეორე ნაწილში, რომელიც შემოდგომაზე გამოვა, მთავარ როლს კვლავ ის შეასრულებს

5. "ტერმინატორი - ბნელი ბედი"
მიუხედავად ფრანჩიზას ბოლო ფილმის აშკარა ჩავარდნისა, შვარცნეგერი არ ნებდება. ახალ ფილმში რომელიც 22 ნოემბერს გამოვა, იგი სარა კონორთან ერთად (ლინდა ჰემილტონი) კვლავ ეცდება მსოფლიოს გადარჩენას. ფილმის სიუჟეტი პირველი და მეორე ნაწილების გაგრძელებას წარმოადგენს.

6. "ჯოკერი"
საკულტო ბოროტმოქმედის როლი არაერთმა ცნობილმა მსახიობმა ითამაშა - სეზარ რომერომ, ჯეკ ნიკოლსონმა, ჰიტ ლეჯერმა, ჯარედ ლეტომ. მათ ახლა ჰოაკინ ფენიქსიც შეუერთდა. რეზისორი ტოდ ფილიპსი აცხადებს, რომ ფილმი კლასიკური "კომიქს-მუვი" არ იქნება და ფსიქოლოგიურ დრამაში მაყურებელი მთავარი პერსონაჟის ისტორიას სხვა თვალით შეხედავს.

8. Ford-ი Ferrari-ის წინააღმდეგ
ფილმის სიუჟეტი 1966 წელს ვითარდება, როდესაც ფორდმა თავის ინჟინრებს დაავალა, რომ შეექმნათ ისეთი ავტომობილი, რომელიც ავტორბოლა "24 საათიან ლე-მან"-ში ფერარის ჰეგემონიას დაასრულებდა. შესაბამისად, ფილმის შემქმნელებს სათაურზე ბევრი არ უფიქრიათ.

ამ ფილმების გარდა კინოს მოყვარულებს კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პრემიერა ელოდებათ. ყოველ შემთხვევაში, უკვე ცხადია, რომ შემოდგომა ამ კუთხით ბევრ საინტერესო სიახლეს გვპირდება.
მასალის გამოყენების პირობები






