თეიმურაზ ოკუჯავა, რომლის ლიკვიდაცია დღეს შსს-ს მიერ სამეგრელოში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოხდა და რომელმაც, შსს–ს ინფორმაციით, პოლიციელი მოკლა ორმხრივი სროლის დროს, ამნისტირებული პატიმარია და სასჯელს 2005 წელს ჩადენილი ყაჩაღური თავდასხმისთვის იხიდიდა.
„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ხობის რაიონის სოფელ ხორგაში მცხოვრები თემურ ოკუჯავა, რომელმაც დღეს სამართალდამცავებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და ერთი პოლიციელი მოკლა, 2005 წელს ხობის რაიონში მომხდარი ჯგუფური ყაჩაღობისთვის დააკავეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2013 წლის აპრილში ის ამნისტიის შედეგად ციხიდან გამოვიდა, 2013 წლის 3 აგვისტოდან შსს ოკუჯავას ივნისში სამეგრელოში ჩადენილი ყაჩაღობისთვის ეძებდა, ხოლო ძებნილის სტატუსით ყოფნის დროს, მან კიდევ ერთი ყაჩაღობა, ამჯერად უკვე მკვლელობით ჩაიდინა: 1 ოქტომბერს ხობის რაიონის სოფელ თორსაში საკუთარი ნათესავების - ქარჩავების ოჯახს თავს დაესხა. ყაჩაღური თავდასხმის შედეგად ოჯახის უფროსი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, სოფელ ხორგაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი - დავით დემურია დაიღუპა, ოთხი სპეცრაზმელი კი დაიჭრა.
გავრცელებული ინფორმაცია რომ თითქოს ოკუჯავა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულთა სიაში იყო, არ დასტურდება.
მასალის გამოყენების პირობები






