ხობის რაიონის სოფელ ხორგაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეცრაზმელების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი ოთხი სპეცრაზმელი, ამ დროისათვის სამეგრელოდან თბილისში გადმოჰყავთ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაჭრილი სამართალდამცავების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაჭრილი სამხედროები სპეცოპერაციის შემდეგ მოათავსეს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოინახულა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ სოფელ ხორგაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ლიკვიდირებული იქნა დამნაშავე თეიმურაზ ოკუჯავა. ოპერაციის მსვლელობისას ოკუჯავა ორი ავტომატითა და ხელყუმბარებით იყო შეიარაღებული. ორმხრივი სროლისას კი თეიმურაზ ოკუჯავას ლიკვიდაცია მოხდა.
სროლის შედეგად დააიღუპა სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი - დავით დემურია, ასევე დაჭრილია პოლიციის ოთხი თანამშომელი.
თეიმურაზ ოკუჯავა 2013 წლის 3 აგვისტოდან ყაჩაღობის ბრალდებით იძებნებოდა. ის თანამზრახველებთან ერთად 2 ოქტომბერს ხობის რაიონის სოფელ თორსაში საკუთარი ნათესავების - ქარჩავების ოჯახს თავს დაესხა. ყაჩაღური თავდასხმის შედეგად ოჯახის უფროსი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები






