"საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ ეხმიანება სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მონაწილეობის საკითხს. ასოციაციის პოზიციით, რუსეთის მიერ პერმანენტულად განხორციელებული ბინძური პროვოკაციული ქმედებები მიზნად ისახავს სწორედაც რომ საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ოლიმპიადის ბოიკოტირების საკითხის პედალირებას. აღნიშნულის ფონზე, შეიძლება სერიოზული ზიანი მიადგეს ქართველი სპორტსმენების ინტერესებს, რადგან იქმნება რეალური საფრთხე საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რიგებიდან გარიცხვისა, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს თითოეული სპორტსმენის მოტივაციაზე. აუცილებლად უნდა მოხდეს იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ თითოეული მათგანი წლების მანძილზე ემზადებოდა ოლიმპიური თამაშებისთვის, არ იშურებდა ძალ-ღონესა და ენერგიას, დღეს კი, საზოგადოების გარკვეული ნაწილის წნეხისა და არასახარბიელო პოლიტიკური კლიმატის გამო, მათი კარიერული წინსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მიგვაჩნია, რომ რუსეთის ხელისუფლების სამარცხვინო ნაბიჯს სოჭის ოლიმპიადაზე ერთ-ერთ მეჩირაღდნედ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სამხედრო მფრინავის ივან ნიჩაევის დასახელების შესახებ, ქართულმა მხარემ ღირსეულად უნდა უპასუხოს, არ უნდა წამოეგოს პროვოკაციაზე და მიიღოს გონივრული გადაწყვეტილებები.
ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, შევძლოთ მკვეთრი მიჯნის გავლება სპორტსა და პოლიტიკას შორის და ნაცვლად ოლიმპიადის ბოიკოტირებისა, ერთხმად დავუჭიროთ მხარი ქართველ სპორტსმენებს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები იმაში, რომ ქართული დროშის აღმართვა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერება რუსეთის ტერიტორიაზე, რითიც ქართველი ოლიმპიელების გამარჯვება დაგვირგვინდება, იქნება საუკეთესო ინდიკატორი და დემონსტრირება ქართული სახელმწიფოს სიძლიერისა და იმ კურსის ურყევობისა, რომელიც უახლოეს მომავალში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ისახავს მიზნად.
აუცილებელია 2008 წლის აგვისტოში პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსენება, როდესაც ქართველი ფალავანების - ირაკლი ცირეკიძის, მანუჩარ კვირკველიასა და რევაზ მინდორაშვილის ტრიუმფალური გამარჯვებების შედეგად აღმართული ქართული დროშა, მთელი მსოფლიოსთვის იქცა სიმბოლოდ თავისუფლების, დემოკრატიის და მშვიდობის დემარშისა რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ ემიჯნება პეტიციას ოლიმპიადის ბოიკოტირების შესახებ და მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას მეტი პრაგმატიზმით მიუდგეს აღნიშნულ საკითხს. ამასთან, ასოციაცია მხარდაჭერას უცხადებს ქართულ სპორტს, თითოეულ ქართველ სპორტსმენს და უსურვებს მათ წარმატებებს სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.
მასალის გამოყენების პირობები






