თემურ იაკობაშვილი "ივანიშვილის ჩანაფიქრს" ანალიტიკურ სტატიას უძღვნის
საზოგადოება - 16:35, 11 Oct, 2013     5360

რეინტეგრაციის ყოფილი მინისტრი თემურ იაკობაშვილი მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ანალიზს აკეთებს. იაკობაშვილის ანალიტიკურ წერილს ინტერნეტგამოცემა "ივერია.ბიზ-ი" აქვეყნებს.

"საქართველოს პოლიტიკურ გარემოში ახალი ხანა დგება. თუ პროცესები არსებული დინამიკით განვითარდა, 2014 წლის დასაწყისისთვის საქართველოს სახელისუფლებო ასპარეზი პოლიტიკური ლიდერების გარეშე დარჩება. ეს სრულიად ახალი მდგომარეობაა ჩვენი ქვეყნის ჯერ კიდევ განვითარებად პოლიტიკურ კულტურაში.

ამ სტატიის მიზანს, ქვეყანაში არსებული მოცემულობებისა და შესაძლო საგარეო გავლენების გათვალისწინებით, პოლიტიკური განვითარების შესაძლო სცენარების განხილვა წარმოადგენს. დამოუკიდებელ საქართველოში „ძლიერი ლიდერის” ფაქტორი ყოველთვის გადამწყვეტ როლს ასრულებდა, როგორც პოლიტიკური ძალის ცენტრის ჩამოყალიბებაში, ისე ამ ცენტრის მმართველ ძალად გადაქცევასა და ქვეყნის განვითარების ვექტორის შერჩევა-განხორციელებაში.

ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გარდამავალ პერიოდში, განსაკუთრებით პოსტკოლონიურ განვითარებაში, გამორჩეული ლიდერები ეხმარებიან თავიანთ ქვეყნებს მსოფლიო პოლიტიკურ სისტემაში საკუთარი როლისა და ადგილის დამკვიდრებაში.

სწორედ ძლიერი ლიდერების წყალობით ხდებოდა გარდატეხის მიღწევა სახელმწიფოებრიობის მშენებლობასა და ეკონომიკურ განვითარებაში. ეს არის არა „ძლიერი ხელის” ქვეცნობიერი მოთხოვნილება, არამედ ბუნებრივი საჭიროება, რომ ვინმემ ითაოს ქვეყნისა და ხალხის სამშვიდობოზე გაყვანა. მე-20 საუკუნის მსოფლიო ისტორიაში ძლიერი ლიდერების ხემძღვანელობით განხორციელებული როგორც წარმატებული, ისე წარუმატებელი ტრანზიციების მრავალი მაგალითი მოიძებნება.

ისტორიკოსები შეიძლება ვერ შეთანხმდნენ ამ ლიდერების მიერ გამოყენებული მეთოდების შეფასებისას, მაგრამ სახელმწიფოს მშენებლობაში მათი როლი კამათის საგანი იშვიათად თუ ხდება. სავარაუდოდ, 2014 წლის დასაწყისში საქართველოში ასეთი პოლიტიკური ფიგურა აღარ იქნება! სიტუაციის ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების ზუსტად ამ ეტაპზეა საჭირო კარგად ორგანიზებული, მოტივირებული და მაღალი ნდობის მქონე პოლიტიკური ცენტრის არსებობა.

სწორედ დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურა აძლევს საქართველოს შანსს, საკუთარი მომავლის ისტორიული არჩევანი განახორციელოს! სწორედ დღეს ხდება ევრაზიის გადანაწილება! სახეზეა სამი გეოპოლიტიკური პროექტის დაპირისპირება. ერთი მხრით, ევროკავშირი და ნატო სათანადო ინსტრუმენტებით (ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ნატო-ში გაწევრიანების მექანიზმები).

მეორე მხრით, რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ ინიცირებული „ევრაზიული კავშირი” (მისი ეკონომიკური განზომილება - საბაჟო კავშირი და მისი სამხედრო განზომილება - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია). მესამე მხრით, ჩინეთი, რომელიც წინა ორისგან განსხვავებით, საკუთარი ინტერესების გასავრცობად არა რეგიონულ სტრუქტურებს (მაგალითად, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას), არამედ, ორმხრივი ურთიერთობების ინსტრუმენტებს იყენებს. ჩინეთის სტრატეგიის მაგალითია მისი პრეზიდენტის ამასწინანდელი ვიზიტი ცენტრალური აზიის ოთხ რესპუბლიკაში და ამ ვიზიტის დროს დადებული ხელშეკრულებები, რომელთა საერთო ღირებულება ათეულობით მილიარდ დოლარს აღემატება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის შეთანხმება, რომლის თანახმად, რეგიონის ქვეყნებიდან ხუთი წლის განმავლობაში 30 000(!) სტუდენტი მიიღებს უმაღლეს განათლებას ჩინეთში. დამოუკიდებელი ფაქტორია თურქეთი, რომლის საგარეო პოლიტიკური კურსი ჩიხში შევიდა: მეზობლებთან ნულოვანი პრობლემების პოლიტიკა მხოლოდ საქართველოსთან (და, ნაწილობრივ, ბულგარეთთან) თუ მუშაობს. არაბულ სამყაროში მისი პოზიციები სერიოზულად შეირყა „მუსულმანთა საძმოს” მხარდაჭერისა და სირიის კრიზისის გამო. ურთიერთობები სერიოზულადაა გაფუჭებული ისრაელთან. ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები არასახარბიელოა.

ამდენად, ლოგიკური იქნება, თუ თურქეთიც საკუთარ ყურადღებას ისევ ევრაზიას მიაპყრობს. სწორედ ამ მძლავრი ტენდენციების ფონზე მოუწევს საქართველოს ძალების მაქსიმალური მობილიზება, რათა გამოცხადებული ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი რეალობად აქციოს. ამ თვალსაზრისით 2014 წელი გადამწყვეტი იქნება. გადავხედოთ, რა მოცემულობებით შეხვდება საქართველო 2014 წელს. არჩეულია შეზღუდული უფლებების მქონე პრეზიდენტი და დანიშნულია ახალი პრემიერ მინისტრი (ან ზუსტად ვიცით მისი კანდიდატურა).

ახალ პრეზიდენტსა და ახალ პრემიერს საერთო ის ექნებათ, რომ არც ერთი მათგანი არ იქნება გამორჩეული პოლიტიკური ფიგურა ძლიერი პარტიული მხარდაჭერით. ძნელი სათქმელია, დე-ფაქტო როდის დაიშლება „ქართული ოცნების” კოალიცია, მაგრამ იდეოლოგიის, ფასეულობებისა და მსოფლმხედველობის თვალსაზრისით, იგი აღარ წარმოადგენს ერთიან პოლიტიკურ ორგანიზმს.

შესაბამისად, ასეთი კოალიცია ვერ გამოდგება სერიოზულ პოლიტიკურ დასაყრდენად ვერც ახალი პრეზიდენტისთვის, ვერც ახალი პრემიერისთვის და მათი ძალისხმევა ძირითადად შიდა ბალანსის შენარჩუნებას უფრო მოხმარდება, ვიდრე ქვეყნის განვითარებას და სახელმწიფოში ქმედითი სტრუქტურების ჩამოყალიბებას.

თავისთავად იბადება კითხვა, თუ რა როლი ექნება ამ პროცესებში ბიძინა ივანიშვილს? კამათი პოლიტიკაში მისი მოსვლის მოტივაციის შესახებ, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ ცხადია, რომ მას არ აინტერესებს ქვეყნის მართვა და ამიტომაც მიდის (მისივე გამონათქვამს თუ ვიხმართ, „გადადის საზოგადოებრივ სექტორში“), თუმცა, რა კონკრეტული ფორმით, გაუგებარია.

მის ინტერესებში არა „გარედან მართვა“, არამედ „გარედან კონტროლი“ უფრო შედის, რაც გაცილებით ადვილად მიღწევადი უნდა იყოს, ვიდრე სახელმწიფოს მართვა. იგი არ ჩაერევა (არც ახლა ერევა მაინცდამაინც) კონკრეტული მინისტრების თუ სამინისტროების საქმიანობაში, ერთიანი ხედვისა თუ სტრატეგიის შემუშავებაში და ა.შ. პოლიტიკური სპექტრის ფრაგმენტაცია უფრო ამარტივებს კონტროლს და, სავარაუდოდ, „მეტი ჩართულობისა და დემოკრატიის“ ლოზუნგით, დაშლილ-დაქუცმაცებულ პოლიტიკურ სპექტრს მივიღებთ.

რა თქმა უნდა, რა სფეროშიც უნდა იყოს ივანიშვილი, იგი მაინც პასუხისმგებელი იქნება საკუთარ დანატოვარზე, თუმცა გაურკვეველია, მორალურ პასუხისმგებლობასთან ერთად, სხვა რა სახის პასუხისმგებლობა შეიძლება დააკისროს მას მოსახლეობამ. ამ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, ის, შესაძლოა, თავადაც გახდეს მის მიერვე დანიშნული მთავრობის აქტიური კრიტიკოსი, რაც კიდევ უფრო გაართულებს ახალი მთავრობის ისედაც რთულ მისიას.

პოლიტიკური ფრაგმენტაციისათვის ასევე მნიშვნელოვანია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, როგორც პოლიტიკური ძალის დასუსტება. გარდა დაშვებული შეცდომებისა და, შედეგად, პოლიტიკური მხარდაჭერის შესუსტებისა, გრძელდება მიზანმიმართული ინსტიტუციური ბრძოლა ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წინააღმდეგ. ეს გამოიხატება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის განუწყვეტელ მცდელობებში, ისე ადმინისტრაციული მეთოდების გამოყენებით პარტიის ხელმძღვანელობისა და აქტივის მასობრივ დევნაში. ასევე ამ პარტიის ფინანსური მხარდაჭერის ბაზის მოშლის მცდელობებში. შედეგად მივიღეთ ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად დასუსტებული, მაგრამ უფრო მოტივირებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

პრეზიდენტი სააკაშვილიც თანამდებობიდან მიდის და მრავალი ადგილობრივი თუ უცხოელი დამკვირვებლის კითხვები მის მომავალ საქმიანობას უკავშირდება. იგი უდაოდ ყველაზე ეფექტური და ნიჭიერი პოლიტიკოსია არა მარტო საქართველოს მასშტაბით, თანაც ახალგაზრდა და ენერგიით აღსავსე. მისი პოლიტიკური კარიერისთვის ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია იმის გასაგებად, რომ სააკაშვილი, რა ინკარნაციაშიც უნდა მოგვევლინოს ახლო მომავალში, დარჩება მნიშვნელოვან, ანგარიშგასაწევ ფიგურად. მისთვის ყველაზე ცუდ პირობებშიც კი ის ახერხებს იყოს მთავარი ნიუსმეიკერი და, სავარაუდოდ, ეს ასეც გაგრძელდება. ცნობილია, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ის პარტიის თავმჯდომარედ შეინარჩუნა.

აგრეთვე ცნობილია, რომ მას აქვს რამდენიმე შეთავაზება ამერიკის და ევროპის აკადემიური წრეებიდან. არსებობს ამერიკული ყაიდის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დაფუძნების იდეაც. ეს ბიბლიოთეკა არ იქნება უბრალოდ წიგნსაცავი ან სამკითხველო დარბაზი, არამედ გადაიქცევა მნიშვნელოვან პოლიტიკურ სივრცედ, აქტიურ ცოცხალ მექანიზმად, რომელიც სააკაშვილს დამატებით სერიოზულ პლატფორმას შეუქმნის მომავალი საქმიანობისათვის.

საქართველოს მმართველ წრეებში ჯერ კიდევ მუსირებს სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემის საკითხი. ასევე არ არის საიდუმლო, რომ მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარება მიუღებელია საქართველოს დასავლელი პარტნიორებისათვის, რის შესახებაც არაერთხელ ჩააყენეს საქმის კურსში პრემიერი. არსებობს სხვა სცენარიც, რომელიც სააკაშვილის დაკითხვებზე დაბარებებით შეიძლება დაიწყოს და ამ გზით მოისინჯოს დასავლეთის რეაქცია. ორივე შემთხვევაში რისკები იმისა, რომ ახალი მთავრობა (და, შესაბამისად, საქართველო) დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში მოექცეს, ძალიან დიდია. სააკაშვილის პოსტსაპრეზიდენტო მოღვაწეობა აღარ უკავშირდება მხოლოდ შიდა ქართულ პოლიტიკას. დასავლეთისთვის ეს საკითხი წარმოადგენს პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი ტრადიციის დამკვიდრების მცდელობას, რომელშიც გაბედული რეფორმატორის ცხოვრება თანამდებობიდან წასვლის შემდეგ სამართლებრივი დევნით არ უნდა გაგრძელდეს.

ამდენად, ახალ მთავრობას (და ივანიშვილსაც) არჩევანის გაკეთება მოუწევთ. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი კვლავაც შეინარჩუნებს გარკვეულ ზეგავლენას საკუთარ პოლიტიკურ კოალიციაზე, შიდაპარტიული ან/და კოალიციური დინამიკა შესაძლოა თავისი, დამოუკიდებელი სქემით განვითარდეს. განვლილმა წლებმა გვიჩვენა, რომ მმართველ კოალიციაში შემავალი ძალები ცალ-ცალკე მნიშვნელოვანი პოლიტიკური კაპიტალის მატარებლები არ არიან და მათი ცალკე აღებული რეიტინგები ვერანაირად ვერ გამოდგება მათგან სერიოზული პოლიტიკური ცენტრის ჩამოსაყალიბებლად. ივანიშვილის ჩანაფიქრით, დასუსტებული ნაციონალური მოძრაობაც ამ სუსტი პარტიების რიგებს უნდა შეუერთდეს, თუმცა ნაციონალების ბოლოდროინდელმა შთამბეჭდავმა გააქტიურებამ, შესაძლოა ამ გეგმებში კორექტივები შეიტანოს. ჩემი აზრით, ასეთი ბალანსი მდგრადი არ არის და მისი შერყევის ორი საფუძველი არსებობს. პირველი იქნება შიდაპოლიტიკური, უფრო ზუსტად - შიდაეკონომიკური.

ინსტიტუციურად სუსტი პრეზიდენტი და რეალურ პარტიულ მხარდაჭერას მოკლებული, ტექნიკური პრემიერი, ვერ შეძლებენ ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებას, რაც მოსახლეობაში უკმაყოფილების შემდგომ ზრდას შეუწყობს ხელს. რასაც მხარდამჭერები ივანიშვილს პატიობდნენ, აღარ გავრცელდება ახალ მთავრობაზე. ასეთი უკმაყოფილების კაპიტალიზაცია კარგად ეხერხება მრავალ (თუნდაც მცირე) პოლიტიკურ ძალას და ახალი მიტინგებისა და გამოსვლების ტალღა გარდაუვალი იქნება. ასეთ სიტუაციას შეუძლია გამოიწვიოს პოლიტიკური კრიზისი. შესაბამისად, აუცილებელი გახდება ფოკუსის არა ქვეყნის განვითარებაზე, არამედ ძირითადად კრიზისების მართვაზე გადატანა. ამის პარალელურად, საგარეო ფაქტორები უფრო მეტ ზეგავლენას იქონიებს შიდა პროცესებზე. ფრაგმენტირებული პოლიტიკური სპექტრით მანიპულაცია მარტივია არა მარტო ივანიშვილისთვის, არამედ გარე ძალებისთვისაც. ჩვენს გარშემო განვითარებული მოვლენების გამო გაძლიერდება ზეწოლა როგორც დასავლეთისგან, ისე რუსეთისგან, რათა სათანადო პოლიტიკური არჩევანი გავაკეთოთ.

რა თქმა უნდა, ამ ზეწოლას სხვადასხვანაირი ხასიათი ექნება. თუ რუსეთის მხრიდან ამ ზეწოლას ტრადიციული პროვოკაციების, საშინაო საქმეებში ჩარევის, შანტაჟისა და ღია თუ ფარული მანიპულაციების სახე ექნება, დასავლეთის მხრიდან უფრო ინსტიტუციურ ზეწოლას უნდა ველოდოთ. ანუ ჩვენს მიერვე ნებაყოფილობით აღებული ვალდებულებები იქნება შესასრულებელი, რაც გარკვეული ფორმის პოლიტიკურ ქცევას, ინსტიტუციურ განვითარებას და სათანადო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს.

ასეთი რეალობის ლოგიკური შედეგი იქნება ქვეყანაში ორი იდეოლოგიური ბანაკის კრისტალიზება - ერთი პროდასავლური, მეორე, პირობითად, ევრაზიული. მათ შორის გამყოფი ხაზი უკვე არა პარტიულ თუ ეკონომიკურ პროგრამებზე და პოლიტიკურ ლიდერებზე, არამედ მსოფლმხედველობაზე გაივლის. შესაბამისად, გაჩნდება ერთ იდეოლოგიურ და მსოფლმხედველობრივ პლატფორმაზე მდგარი ძალების გაერთიანების საჭიროება. ასეთი გაერთიანების საჭიროება არ ნიშნავს მის ავტომატურად ჩამოყალიბებას და აუცილებლად მოითხოვს არა მხოლოდ გამაერთიანებელი ფაქტორის არსებობას, არამედ მისი განხორციელების მექანიზმების შექმნას. ისევ ჩნდება ლიდერისა თუ ლიდერთა ჯგუფის საჭიროება.

ერთი გადახედვითაც საკმარისია იმის გარკვევა, თუ ვინ შეიძლება განვიხილოთ პროდასავლური იდეოლოგიის ელემენტებად. ესენი არიან:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები, ახალი მემარჯვენეები, ეროვნულ-დემოკრატები და, სავარაუდოდ, სხვა, უფრო წვრილი გაერთიანებები თუ ლიდერები. ვინაიდან თითოეული მათგანი გარკვეული პოლიტიკური აურის მატარებელია, მათი მექანიკური გაერთიანება ყველაზე რთული პროცესი იქნება.

ასევე ყველა ჩამოთვლილ პარტიაში არიან ინდივიდები, რომლებიც პარტიაში სხვადასხვა დროს კონიუნქტურული ფაქტორების გამო მოხვდნენ და მაინცდამაინც დასავლური ფასეულობებების მატარებლებად ვერ აღიქმებიან.

ასევე არიან ინდივიდები, რომლებთანაც ახალ გაერთიანებაში "კოჰაბიტაცია" თითქმის შეუძლებელი იქნება. ასეთი რეალობიდან ოპტიმალური გამოსავალი იქნებოდა ახალი პარტიის ან მოძრაობის შექმნა, სადაც არა სახელდობრ პარტიები, არამედ მათი ნაწილები შევლენ. ასეთი კონფიგურაცია საშუალებას მისცემდა ახალ ლიდერებს, განთავისუფლდნენ ძველი პარტიული სტიგმისგან. იგივე მეთოდი დაეხმარება ნაციონალურ მოძრაობასაც ახალ პოლიტიკურ გუნდში წარმატებული გამოცდილების ხელახალი რეალიზაციის მისაღწევად.

ევრაზიული პოლიტიკური სპექტრის მომავალს მათი პოლიტიკური ცენტრის - რუსეთის მომავალი განსაზღვრავს. რუსეთი კი 2014 წლიდან რეცესიის პროცესში შევა.

ამის ეკონომიკური და პოლიტიკური მაჩვენებლები სახეზეა. რეცესია ერთ დღე-ღამეში არ დასრულდება და სიტუაცია, შესაძლებელია, კიდევ უფრო გამწვავდეს, მაგალითად, ჩრდილოეთ კავკასიაში არასტაბილურობის კერების წარმოშობით. რუსული რეცესიის შედეგები ავტომატურად გაზრდის საქართველოს პროდასავლური ძალების შანსებს, თუმცა ილუზია იქნებოდა გვეფიქრა, რომ ძალაუფლება ავტომატურად გადავა მათ ხელში.

რეცესიაში შესული რუსეთი, შესაძლოა, კიდევ უფრო აგრესიული გახდეს, რაც მოითხოვს არა მარტო პროდასავლური ძალების კონსოლიდაციას, არამედ დასავლელ პარტნიორებთან ერთად, მრავალმხრივ ფორმატებში, რუსეთის მიმართ გამოზომილი და პრინციპული პოლიტიკის გატარებას. ყველაფერი ზემოთ თქმულიდან სავარაუდო დასკვნა იქნება, რომ 2014 წელს პროდასავლურმა ძალებმა უნდა იფიქრონ კონსოლიდაციაზე და მის ფორმებზე. ლიდერის (ან ლიდერების) ადგილი ჯერ ვაკანტურია, თუმცა იგი დიდი ხანი ვაკანტური ვერ დარჩება", - წერს თემურ იაკობაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42