გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დღეს წარმოდგენილი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 60% თვლის, რომ სახლში აღზრდის მკაცრი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივი მეთოდები. ახალი კვლევა - ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში - ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UNICEF) მხარდაჭერით ჩატარდა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 94%-ს ესმის, რომ ბავშვისთვის ისიც კი საზიანოა, როდესაც ოჯახში ძალადობის მომსწრეა, მაგრამ 70% თავშეკავებით ეკიდება იდეას, რომ უფლებამოსილი ორგანოები ოჯახის საქმეებში ერეოდნენ თუნდაც ოჯახში ძალადობა ხდებოდეს.
ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალთა (მასწავლებლის, მანდატურების, სოციალური მუშაკების) 60% ფიქრობს, რომ ოჯახის შიდა საქმეები ამ ოჯახის პირადი საქმეა და სხვები მასში არ უნდა ერეოდნენ. როგორც UNICEF-ის წარმომადგენელი საქართველოში, საშა გრაუმანი აცხადებს, ძალადობა ყველგან არის, ის ხდება ყველა ქვეყანაში და საზოგადოების ყველა ფენაში.
"ძალიან ხშირად ბავშვთა მიმართ ძალადობა შეუმჩნეველია, რადგან იგი ხდება ოჯახში, ან რადგან ხალხი არ აქცევს მას ყურადღებას. UNICEF თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და USAID-თან, რათა გაძლიერდეს ბავშთა და დაცვის მიმართვიანობის პროცედურები, მაგრამ იმისთვის, რომ ამ ინსტიტუციურმა მექანიზმმა სათანადოდ იმუშავოს, უმნიშვნელოვანესია, რომ ყველამ ვიაქტიუროთ და ამოვიღოთ ხმა, როდესაც ვხედავთ ძალადობას", - დასძინა გრაუმანმა.
კვლევის თანახმად, ბავშვთა დაცვის პროცედურების და ამ პროცესში სხვადასხვა პროფესიონალების როლის ცოდნა ზრდის ინფორმაციის მიწოდების ალბათობას, რადგან როდესაც ადამიანმა იცის როგორ მოიქცეს და ვის მიმართოს ძალადობის შემთხვევაში 80%-ით მეტია იმის ალბათობა, რომ იგი განაცხადებს ასეთი ფაქტის შესახებ. თუმცა, როგორც კვლევაშია ნათქვამი, მოსახლეობის 81%-მა იცის რეფერირების მექანიზმის შესახებ.
"ამ პროცედურების ძირითად მონაწილეებს შორის გამოვლინდა, რომ პოლიციელებს და სოციალურ მუშაკებს ყველაზე უკეთ ესმით ბავშვთა მიმართ ძალადობის არსი, საგრძნობლად ნაკლები ცოდნა აქვთ მათ რეფერირების, მიმართვიანობის პროცედურების შესახებ. მაგალითად, სოციალური მუშაკების 22% მიიჩნევს, რომ მის პასუხისმგებლობაში არ შედის ფიზიკურ ძალადობაზე რეაგირება, ხოლო 26% თავის საქმედ არ მიიჩნევს ბავშვების უგულებელყოფაზე რეაგირებას. სკოლებში მომუშავე პროფესიონალებს ნაკლებად ესმით საკუთარი როლი ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებში. სკოლებში მომუშავე პროფესიონალთა, მასწავლებლების და მანდატურის 46%-მა განაცხადა, რომ ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინება საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ძალადობა მძიმე ფორმისაა და რამდენჯერმე განმეორდა", - ნათქვამია კვლევაში.
როგორც UNICEF-ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, ის შედეგი, რომელიც კვლევის შედეგად დაიდო საქართველოსთან მიმართებაში საგანგაშოა.
მასალის გამოყენების პირობები






