მარტვილში, დაახლოებით ორი კვირის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული პატიმრის ირაკლი ც.-ს ოჯახის ახლობელთა განცხადებით, რუსთავის ციხეში ბადრაგმა პატიმარი სასტიკად სცემა. ოჯახის წევრებმა „ნიუპოსტს“ უთხრეს, რომ ირაკლი ც., რომელიც ამ დროისთვის ორთაჭალაში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სავარაუდოდ, სამკურნალოდაა გადაყვანილი, თავად არ აკეთებს განცხადებებს მასზე ფიზიკური ძალადობის სესახებ, რადგან ეს ე.წ. ქურდულ ტრადიციებთან შესაბამისობაში არ მოდის, თუმცა, 7 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მას სახეზე ფიზიკური ძალადობის კვალი აშკარად ემჩნეოდა.
დაკავების დროისთვის ირაკლი ც. დაახლოებით ერთი თვის გამოსული იყო ციხიდან, ამნისტიის შედეგად.
პატიმრის ახლობლები, ირაკლი ც.-ს ცხოვერბის წესიდან გამომდინარე, გამორიცხავენ, რომ მას დაპირისპირება მოსვლოდა პატიმრებთან და მის მიმართ ძალადობაში ცალსახად ადანაშაულებენ ციხის ადმინისტრაციას. „ნიუპოსტს“ ირაკლი ც.-ს ოჯახის წევრებმა ასევე უთხრეს, რომ პატიმარს ტანსაცმელიც შეუგზავნეს, თუმცა ის ადრესატამდე არ მისულა. „ნიუპოსტი“ განმარტების მისაღებად სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაციის გადამოწმების სემდეგ ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმარზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი უარყო:
„არსებობს სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, რომლის გამოთხოვა სახალხო დამცველის მეშვეობით შეგიძლიათ და სადაც კარგად ჩანს, როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებს პატიმარი, რასაც მოჰყვა აბსოლუტურად სწორი და კანონიერი რეაგირება ბადრაგის მხრიდან“, - უთხრა „ნიუპოსტს“ ირაკლი კორძაიამ, ხოლო შეკითხვაზე, რას უკავშირდებოდა პატიმრის მხრიდან ასეთი აგრესიის გამოვლინება, კორძაიამ უპასუხა, რომ ამის მიზეზი გეგმიური ჩხრეკა გახდა, რომლის აუცილებლად გავლა ყველა პატიმრისთვის თანაბრად სავალდებულოა.
მასალის გამოყენების პირობები






