მართლმადიდებელი ეკლესია 4 აგვისტოს წმიდა მენელსაცხებლე, მოციქულთასწორი მარიამ მაგდალინელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით დღეს დილიდან სამების ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება მიმდინარეობდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ქრისტიანებს მარიამ მაგდალინელის დღესასწაული მიულოცა და დედის როლზე იქადაგა.
"დღეს ჩვენ ვფიქრობთ, დედის როლზე, დედის მნიშვნელობაზე. როცა ჯვარს აცვეს მაცხოვარი და მოწაფეებმა დატოვეს უფალი, მარიამ მაგდალინელი მთელი დღე იდგა ჯვრის გვერდით და ის სიხარული, რომელიც იყო მაცხოვარსა და მარიამ მაგდალინელს და მენებელსაცხებელ დედათა შორის, არის მაგალითი, თუ როგორ ერთგულად უნდა იმოღვაწეოს ყოველმა ქალმა, დედამ, დამ, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ეკლესიასთან, ოჯახთან.
ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მრავალი შემთხვევაა, როცა დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა. ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა სიბრძნე მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა დედამ თავისი ვალი აღასრულოს ღვთისა და სამშობლოს წინაშე. ჩვენთან არს ღმერთი”, - ბრძანა პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები