ჩვენ, აქ შეკრებილები, პროდასავლური კურსის წარმომადგენლები ვართ, რომელთაც გვაერთიანებს მყარი პოზიცია, რომ ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ რუსულ ოკუპაციას, - ამის შესახებ დღეს "რედისონში" გამართულ კონფერენციაზე ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ხელმძღვანელმა თამარ ჩხეიძემ განაცხადა.
"ჩვენ აქ შეკრებილ სხვადასხვა ორგანიზაციებს სხვადასხვა დროს შეიძლება განსხვავებებული ხედვაც გვქონდა, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს, როგორც ბატონმა ბაჩუკიმ აღნიშნა, სწორედ ეს პრინციპი, რომ ჩვენ ვართ პროდასავლური კურსის წარმომადგენლები და ჩვენ მიგვაჩნია და გვაერთიანებს მყარი პოზიცია, რომ ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ რუსულ ოკუპაციას", - აცხადებს ჩხეიძე.
მისივე თქმით, ბოლო წლებში რუსული პოლიტიკა ისახავს ერთადერთ მიზანს, ეს არის საქართველოს და მსოფლიოს შეგუება, როგორც პუტინი და მედვედევი ამბობენ, ახალ რეალობასთან. მისი თქმით, სწორედ ამის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გაერთიანდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი მოძრაობები.
"ამის მიზანი არის შეგუება მომხდართან, რაც მოხდა 8 წელში და ამის ლეგალიზაცია თანდათანობით. ოლიმპიადის ბოიკოტიც სწორედ ერთ-ერთი აქეთკენ გადადგმული ნაბიჯია. ზოგადად ყველა სხვა ნაბიჯიც, როგორიც არის იგივე აფხაზეთის რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნა, რუსეთისთვის დანაშაულის ჩამოცილება და ამ დანაშაულის საქართველოს ხელისუფლებისთვის მიწერა და ა.შ. ყველაფერი ეს იგივეს ემსახურება. ჩვენი ხელისუფლება პირდაპირ ვერ ამბობს, რომ ეს ტერიტორიები არ არის ოკუპირებული, მაგრამ ყველაფერს საკეთებს იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკა შესუსტდეს და თანდათანობით მოხდეს ამ ტერიტორიების საქართველოდან ჩამოცილების ლეგალიზაცია. ამიტომ, ჩვენი მიზანი, ყველა ქართველის მიზანი პრინციპში უნდა იყოს სწორედ ის რომ ამას გავუწიოთ წინააღმდეგობა. ნამდვილად მოვა ის დრო. დადგება ის შესაფერისი მომენტი, როდესაც საქართველო დაიბრუნებს ამ ტერიტორიოებს. მთავარია, რომ სანამ ეს მომენტი არ დადგება მანამდე, არ მოხდეს რომელიმე ქართული ხელისუფლების მიერ აი, სწორედ ისეთი დოკუმენტის გაფორმება, რომელიც მოახდენს ამ ტერიტორიების საქართველოდან ჩამოცილების ლეგალიზაციას", - აცხადებს ჩხეიძე.
მასალის გამოყენების პირობები






