აკაკი მინაშვილი ქუთაისის #2-ე საპყრობილეში არასრულწლოვნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები ოჯახის წევრებმა გააფრთხილეს, რომ გოგა ძველაია ქუთაისის #2-ე დაწესებულებაში არ განეთავსებინათ, რადგან მას საფრთხე შეექმნებოდა. მთავარი პრობლემა კი ე.წ. მაყურებლები იყვნენ, რომლებიც აკაკი მინაშვილის განცხადებით დღეს ციხეებს მართავენ.
სწორედ ამიტომ, "ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ სოზარ სუბარმა თანამდებობა უნდა დატოვოს.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე მინაშვილმა ე.წ. წესრიგის სქემაც წარადგინა, რომელიც მისი თქმით #17-ე საპყრობილეშია შექმნილი, კანონიერი ქურდის, გერლიანის ინიციატივით.
"რუსთავის #17 ციხეს კანონიერი ქურდი, ვინმე გერლიანი და ე.წ. მაყურებლები აკონტროლებენ. მაგალითად არის, ვინმე ასლანიანი, ასევე პირველი ზონის მაყურებელი არის ვინმე ზარნაძე, ახალი ზონის მაყურებლები, ტერტერაშვილი და ფირცხალავა, სამედიცინო ნაწილის, ანუ ე.წ. "ბალნიჩკის" მაყურებელი, ყურაშვილი. აქტიურად ხდება ციხეებში აკრძალული ნივთებისა და ნარკოტიკების შეტანა. სუბარმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და იგი თანამდებობიდან გადადგეს“, - განაცხადა მინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






