ბოლო თვეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზს მიღმა 55 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მოექცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა განუცხადა. როგორც სოსო ვახტანგაშვილი აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტს მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს, როცა აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში სასაზღვრო ხაზს მიღმა ოკუპანტებმა 400 ჰექტარი მიწის ფართობი მიიტაცეს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოკუპანტებმა უფრო მეტი სახნავ-სათესი მიწები წაართვეს მოსახლეობას ვიდრე 2008 წელს.
"ბოლო დღეებში ჩვენ გვაქვს დიდი აქტიურობა, რომელთაც დამატებით მიითვისეს უფრო მეტი მიწა ადგილობრივების სახნავ-სათესი, ვიდრე 2008 წელს ლიახვის ხეობაში.
ეს ატარებს პროვოკაციულ და საშიშ ხასიათს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვიმუშავოთ ჩვენს მეგობრებთან ერთად და რომ შევაკავოთ შემდგომი ყაჩაღობა, (ამას სხვა არაფერი ჰქვია) გამოვიჩინოთ სიმტკიცე და დავეხმაროთ ხალხს. აქ ყოფნით ევროდამკვირვებლები გვეხმარებიან, მნიშვნელოვანია, რომ მათ იცოდნენ პირველწყაროდან რაც ხდება და სწორი დასკვნები გამოიტანონ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






