ოკუპანტების მიერ აძვში ე.წ. საზღვრის გავლების შედეგად მავთულხლართების მიღმა ბალამწარაშვილების 4 ჰექტარი მიწის ფარეთობი მოჰყვა დათო ბალამწარაშვილი აცხადებს, რომ მამაპაპისეული ნაკვეთი შემოღობილი რამდენიმე კვირის წინ შემთხვევით ნახა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მავთულხლართები ისე დაამონტაჟეს, რომ ადგილობრივები არც კი გაუფრთხილებიათ. ბალამწარაშვილები სახნავ–სათესი მიწის გარეშე დარჩნენ.
დათო ბალამწარაშვილი: „ეს 4 ჰექტარი მარტო ჩემი არ არის, 3 ძმანი ვართ და უკვე 20 წელზე მეტია, ამის იმედად ვცხოვრობდით. წელს არ დავამუშავეთ, ვიფიქრეთ, ბალახს გავთიბავთ და ზამთარში საქონელს ვაჭმევთო. რომ მოვედი და ვნახე, აქ რაც ხდებოდა, თვალცრემლიანი დავბრუნდი სახლში... მე ამ ამბავს ვერ შევეგუები“.

აძველები „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა თავიანთი პირობები უკვე შეუთვალეს. ოკუპანტთა ხელწერა აქაც ნაცნობი და არახალია: მოთხოვნებში ისიც შედის, რომ რამდენიმე დღეში მოახერხონ სოფლის გარდაცვლილი ახლობლების სხვაგან გადასვენება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასაფლაო მთლიანად განადგურდება.
ვენერა ყანჩაველი, აძვის მკვიდრი: „გავიგე, რომ თურმე ჩემი მეუღლე სადაც დავმარხე, ის ადგილიც ყვება იმათ ზოლში. ესე ამბობენ თურმე, ეგეც ჩვენი ადგილიაო, მკვდრები კი თქვენია და ან მთლიანად გადავთხრით, ან წაიყვანეთო. სოფელში ამბობენ, ზემო არცევიდან შემოგვითვალესო“.

ვაჟა ნატროშვილი: „ამის წინ ტრაქტორი ავიყვანე ჩემს ნაკვეთში მიწის დასამუშავებლად და ავტომატებიანი 7 რუსი მოვიდა: წადით აქედან და ტრაქტორიც წაიყვანეთ, თორემ წაგართმევთო. წამოვედი, აბა რა მექნა? სხვა რა გზა მქონდა? არ წამოვიდოდი და წაგვიყვანდნენ ცხინვალის ციხეში. ჩვენი სოფლიდან უკვე ერთი 10 კაცი ყავთ დაჭერილი და გამოშვებული 200 რუბლს ახდევინებენ და ისე ათავისუფლებენ“.
აძვს ოსური სოფელი ზემო არცევი ესაზღვრება, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი წლებია, აკონტროლებს. სოფელთან ახლოსაა რუსული ბაზაც, რომელიც ოკუპანტებმა 2008 წლის ომის შემდეგ ააშენეს. აძვში ასამდე კომლი ცხოვრობს. სოფელში იმასაც გვიყვებიან, რომ მავთულხლართების გავლებამდეც ვითარება საკმაოდ მძიმე იყო. უკვე წლებია ადგილობრივები საკუთარ ვენახებსა და მიწის ნაკვეთებში შესვლისას ფრთხილობენ.

ბოლო პერიოდში ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა აძვის სარწყავი არხი არაერთხელ გადაკეტა. ამ დროისთვის სოფელში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ეგრეთწოდებული საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები დროებით შეჩერებულია. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ოკუპანტები რამდენიმე დღეში მავთულხლართების გავლებას კვლავ გააგრძელებენ.
გიორგი ახალკაცი, სპეციალურად „ნიუპოსტისთვის“, აძვიდან.

მასალის გამოყენების პირობები






