აფხაზეთში 1992-93 წლებში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს შვილმოკლული დედა ნაირა-კალანდია-გერგედავა, რომელსაც ბანდფორმირებების წევრებმა 17 წლის ვაჟი თვალწინ უწამეს, დაუხვრიტეს და შემდეგ ცხედარს დედის თანდასწრებით მოექცნენ, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას უპირისპირდება და მას უსულგულო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.
წერილში, რომელიც შვილმკვდარმა დედამ „ნიუპოსტს“ გამოუგზავნა, ნათქვამია, რომ ვახტანგ ყოლბაია შაოსან დედას „შვილის დავიწყებისკენ“ მოუწოდებდა, რითაც, ნუკრი გერგედავას განცხადებით, მის შვილს „მეთერთმეტე ტყვია ესროლა“.
ნაირა კალანდია-გერგედავა აცხადებს, რომ ვახტანგ ყოლბაია, რომლისთვისაც არაფერს ნიშნავს აფხაზეთიდან დევნილთა ტკივილი, აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას არ უნდა წარმოადგენდეს და ამ საკითხზე რეაგირებისთვის ღიად მიმართავს პრემიერმინისთრს, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს.
„ნიუპოსტი“ ნაირა კალანდია-გერგედავას წერილს გთავაზობთ:
„აფხაზეთის ავადსახსენებელი ტრაგედია, არა მარტო ჩვენი, დევნილების ტრაგედია გახლდათ, არამედ სრულიად საქართველომ შემოკრა გლოვის ზარები და პირტიტველა ბიჭები იქნენ მიბარებულნი ცივ სამარეს.
სრულიად საქართველომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბროლას შესწირა სამშობლოსათვის აღზრდილი და გაზრდილი შვილები. ამ ტრაგედიის ერთ-ერთი საშინელი და ჯოჯოხეთური გამონაკლისი ერგო ბედად ჩემს უბედურ ოჯახს: სოხუმის დაცემამდე ვმუშაობდი ქ.სოხუმის #2 საავადმყოფოში (ჰოსპიტალში), სადაც ბოლო წუთებამდე ვემსახურებოდი დაჭრილ მოსახლეობასა და სამხედრო პირებს. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ სოხუმის დაცემის შედგომ ვერ გამოვედით ქალაქიდან და მოვხვდით ტყვეობაში.
ჩემი შვილი, ნანა გერგედავა დაკარგული იყო და არ ვიცოდი, ცოცხალი გახლდათ თუ არა, ჩვენ კი - მე, ჩემი მეუღლე და ვაჟიშვილი ნუკრი გერგედავა ჩავვარდით ტყვედ, რა დროსაც თვალწინ მიწამეს და დამიხვრიტეს შვილი, მეც სასტიკად მაწამეს, არ მაკმარეს შვილის სიკვდილი და მტერმა ჩემი შვილის თავის ქალაზე თავი დამადებინა, პირი გამაღებინა და ცხედრისგან ავტომატის „შტიკ-ნოჟით“ ამოთხრილი თვალი გადამაყლაპა.
ყველაზე შემზარავი, რაც აფხაზეთის ომმა დამიტოვა, ცხვირსახოცში გახვეული ჩემი 17 წლის ვაჟიშვილის, ნუკრი გერგედავას ცხვირის ხრტილია. ეგაა ჩემი საფიცარიც, საყვარელიც და სათაყვანებელიც.

მე, შვილმკვდარ დედას - ნაირა კალანდია-გერგედავას ხშირად თვითმკვლელობაზეც მიფიქრია. შვილმონატრებულს თან სიკვდილი მინდა, თან არა, რადგან ჩემი ნანას ორ შვილს ვზრდი და ისინი მასაზრდოებენ ცხოვრების წყურვილით.
ამ გრძნობით 20 წელია, ვიტანჯები. ჩემი შვილის ცხედარი მისმა აფხაზმა მეგობრებმა სოფელ წარჩეში დაკრძალეს. მოგვიანებით ნუკრის მამა, ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და მას შვილის ნეშტის ნაწილი ჩავაყოლე საფლავში. აფხაზეთსა და თბილისში ცალ-ცალკე დაკრძალული მამა-შვილის ცხედრები გვერდიგვერდ დასაფლავებას ითხოვდა და ეს აუცილებლობაც ბატონ გიორგი კარბელაშვილის თანადგომითა და დახმარებით შევასრულეთ: 19 წლის შემდეგ, ნუკრის ნეშტი წარჩეს სასაფლაოდან გადმოვასვენეთ და თბილისში, ვაკე-საბურთალოს სასფლაოზე დავკრძალეთ.
სექტემბრის ყოველი მოახლოება ჩემთვის იმ კოშმარის გამეორებაა, რაც გამოვიარეთ.
ეს გახლავთ ჩემი მწარე წარსულის და აწმყოს მონახაზი, მხოლოდ ამის შემდგომ შემიძლია გადავიდე ჩემს რეალურ პრობლემაზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის შემდეგ, მთავრობის თავმჯომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ბატონი ვახტანგ ყოლბაია.
გარკვეული საკითხებზე კონსულტაციისათვის, მისივე წინადადების საფუძველზე მივმართე მას მისსავე სამუშაო კაბინეტში, სადაც ვესაუბრე ყველა არსებულ მიმდინარე პრობლემაზე, რაც, რასაკვირველია, არ მოეწონა.
ეს მოხდა ა.წ 30 სექტემბერს. მოგახსენებთ, რომ 1993 წლის 30 სექტემბერს, ტყვედ ჩავარდნის შედეგად, ნუკრი გერგედავა იქნა ნაწამები და დახვრეტილი!!!
ჩემი შვილის წამებისა და მისი ნეშტის შეურაცხყოფის დღეს, ჩვენი ტყვედ ყოფნის დღეს, ბატონმა ყოლბაიამ ცინიკურად, დამცინავად კიდევ ერთხელ, საკონტროლოდ ესროლა მეტერთმეტე ტყვია ნუკრის სხეულს.
მან განმიცხადა: „გეყოფა ნაირა, სულ ნუკრის ნუ ახსენებ, 20 წელი გავიდა, მეც ძმა მყავს მკვდარი და ამდენს ნუ ლაპარაკობო, დაივიწყე შვილი“. ბატონი ზურაბ ჩიქოვანის პუბლიკაციის წაკითხვის შემდგომ, ეხლა ვხვდები, საით დაუქროლა ქარმა და რატომ მიხსენა ოცი წელი შვილის დასავიწყებლად ვახტანგ ყოლბაიამ.
მისთვის აფხაზეთს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, და როგორ შეიძლება, მას სტკიოდეს ჩემი ნუკრისა და სხვა დაღუპული მეომრების თუ მოსახლეობის ნაიარევი ტკივილად.
შვილის სიკვდილს არ ვუსურვებ არავის, მე ვყოფილიყავი პირველი და უკანასკნელი, მაგრამ მხოლოდ მაშინ იგრძნობს შვილის დაღუპვის სიმწარეს ადამიანი და მხოლოდ მაშინ მიხვდება, რომ წლების აღრიცხვა ტკივილს არ ანელებს!!!
როდესაც დავჯილდოვდი თამარ მეფის ორდენით, იქ განვაცხადე, რომ „მე რა დედა ვარ, შვილის წამების ადგილზე უნდა მომეკლა თავი“-მეთქი, მაგრამ მტერმა მესროლა და შეგნებულად ამაცილა ორი ტყვია, მერე კი მითხრა, შენ ასე უნდა ეწამოო...
ჩემი სიკვდილის ტოლფასი სიტყვები მომაყარა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, და რა უფლებები უნდა დაიცვას ასეთმა ხელისუფლებამ, როდესაც ასეთ გამწარებულ ქალს, ასეთი, ტყვიებივით სიტყვები ესროლა.
მივმართე საქართველოს პრემიერმინისტრს, საქართველოს შს მინისტრს, საქართველოს მთავარ პროკურორს, საქართველოს სახალხო დამცველს, ასევე ამ წერილით მივმართავ ყველა უფლებადამცველ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მოახდინონ დაუყონებლივი რეაგირება დევნილთა უფლებების დასაცავად.
საზოგადოებას, დევნილებს, გთხოვთ განმიმარტოთ, აღნიშნული მაგალითის გამო ამიერიდან აქვს თუ არა ვახტანგ ყოლბაიას, როგორც მორალური, ასევე სამართლებრივი უფლება წარმოადგენდეს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას?!
მან, ვინც დამცინავად მოიხსენიებს დაღუპულ, ნაწამებ 17 წლის ახალგაზრდას, შეუძლებელია მართოს ლეგიტიმური ხელისუფლება. აღნიშნულის გამო ვიტოვებ კონსტიტუციურ უფლებას მივმართო სასამართლოს ჩემი კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით.
ბატონო პრემიერმინისტრო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, შაოსანი დედა:
აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურა და დევნილი მოსახლეობა საფრთხეშია! ვითხოვთ თქვენს დაუყონებლივ რეაგირებას“, - წერს ნაირა კალანდია-გერგედავა.
"ნიუპოსტი" აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, მათი მხრიდან გამოხმაურებაზე თანხმობის შემთხვევაში, ცალკე მასალად გამოაქვეყნებს.
მასალის გამოყენების პირობები






