მომღერალ ირაკლი ჩარკვიანის მეუღლე ქეთათო პოპიაშვილი, რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს, მისი მეუღლის სიმღერის უნებართვოდ გამოყენებაში ადანაშაულებს:
„ირაკლის მუსიკა თავისი მაშტაბით იმდენად დიდია და დროსთან მიმართებაში მისი აქტუალურობა იმდენად მზარდი, რომ არაერთხელ ყოფილა მცდელობა მისი კომპოზიციის სხვადასხვა პოლით, თუ სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან საკუთარი პიარ მიზნებისთვის მიტაცება-გამოყენების. როდესაც ქვეყანაში ვითარება იძაბება და ალბათ დამეთანხმებით, რომ ისეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება, სადაც პოლიტ რყევების ამპლიტუდა საკმაოდ მაღალია, ყველას უნდება ის, ყველაზე მართალი სიტყვა, რომელსაც ასეთივე უკომპრომისო ცხოვრების წესით გაჯერებული მელოდია და ძლიერი მეტაფორა უმაგრებს ზურგს. უნდათ საკუთარ ახლომხედველურ მიზნებს მოახმარონ, ფონს გავიდნენ, კაი ტიპებად იგრძნონ თავი. ამის იმდენი მაგალითის მომსწრე ვარ, რომ სათვალავიც ამერია - სხვადასხვა მარგინალი პარტიების წინასაარჩევნო მარათონების ბიძგის მიმცემ მუხტად გამოუყენებიათ, თქვენ წარმოიდგინეთ და ნაცისტური წარმონაქმნის ჰიმნიც ყოფილა თურმე, ყოფილი პრეზიდენტების დაბრუნების ერთადერთი იმედიც ,, მძინარე მზეთუნახავისთვისთვის'' ძილის დამფრთხობიც და რომელიღაც ჩინოვნიკისთვის თვალის ასახვევადაც გაჟღერებულა.

ყველას ჩვენი ხედვა გვაქვს და გვინდა, რომ ცოტათი მაინც უკეთეს გარემოში ვიცხოვროთ, ვიცოდეთ, რომ კონსტიტუცია არის უზენაესი, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული განურჩევლად სქესისა, კულტურული კუთვნილებისა და აღმსარებლობისა და რათქმაუნდა მიუხედავად სექსუალური ორიენტაციის. გვინდა, რომ ყველანი დაცულად ვგრძნობდეთ თავს. ამაზე ხომ ვთანხმდებით?!
როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვიტონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებელად არ უნდა მოგვევლინო,რაღათქმაუნდა თუ გინდა შენი გულანთებულობის ვინმეს ჯეროდეს და შენს ქმედებებში თანმიმდევრული იყო.“- წერს ქეთათო ფეისბუკზე.
მას შემდეგ რაც მის ამ განცხადებას ფეისბუკში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, ქეთათომ ახალი სტატუსი დაწერა, მისი თქმით, იმის გამო რომ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა კონკრეტულ პროტესტს უკავშირდება, ისინი ვერ ახერხებენ თანამედროვე ბალეტის დადგმას, რადგან საბალეტო დასის ხელმძღვანელები მათთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ. თუმცა ქეთასოს ეს განმარტება წინა პოსტის უფრო ცუდი პოსტით გაპრავებად შეაფასეს:

„ჩემს წინა სტატუსს უამრავი კომენტარი მოყვა, ნამდვილად ვერ ვახერხებ ყველას წაკითხვას. ერთი რამ ცხადია, ირაკლის ყოველთვის უნდოდა, რომ მის მუსიკაზე თანამედროვე ბალეტი დაგვედგა. ახლა გვაქვს ამის შესაძლებლობა, რადგან ირაკლის და, თეონა ჩარკვიანიც თბილისშია და საბალეტო დასის ხელმძღვანელები, როდესაც იგებენ, რომ ირაკლის მუსიკაზე გვინდა ცეკვის დადგმა, უბრალოდ არ უშვებენ ჩვენთან მოცეეკვავეებს, იმდენად მისი ხმა კონკრეტულ პროტესტს უკავშირდება. სასაცილო სიტუაციაა ნამდვილად. ვინც ბევრს აწკაპუნებთ კლავიატურას, მოდით და იცეკვეთ თანამედროვე დადგმაში, რადგან პროფესიონალ მოცეკვავეებს უკრძალავენ ჩვენთან გაკარებას“
მასალის გამოყენების პირობები






