როგორც ფორუმზე ითქვა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა შედარებით ახალი, მაგრამ სწრაფად მზარდი კონცეფციაა საქართველოსთვის და სულ უფრო მეტ ქართულ კომპანიას ესმის თანმიმდევრული CSR სტრატეგიის განხორციელებისა და საერთაშორისო სამოქმედო სტანდარტებთან შესაბამისობის მნიშვნელობა. საერთაშორისო კომპანიები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პარტნიორ კომპანიებში ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევის პრინციპების არსებობას, რაც გულისხმობს გარემოს მიმართ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას, ბიზნესის სოციალური მიმართულების განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო ურთიერთობების განვითარებასა და სხვა მიმართულებებს, რაც სტიმულს აძლევს კერძო სექტორს, მეტი წვლილი შეიტანოს ეკონომიკის მდგრად და ინკლუზიურ განვითარებაში.
„ჩვენ აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას ყველა კერძო ინიციატივაში, რომელიც ემსახურება CSR-ის კულტურის დანერგვას და გამყარებას. ეკონომიკის სამინისტროსთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ამ მნიშვნელოვან პროცესში ვიყოთ ინტეგრირებულები, რადგან საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტის - მდგრადი ინკლუზიური განვითარებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდის მისაღწევად სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესის განვითარებას ძალიან მნიშვნელოვანი როლი ენიჭება" - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ და ევროკავშირის, კონრად ადენაუერის ფონდისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებს ღონისძიების ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
ფორუმი „საჯარო პოლიტიკა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მხარდასაჭერად" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






