პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ბოდბის ეპარქიის მღვდელმთავარმა მეუფე იაკობმა რევანდელ საკვირაო ქადაგებაში მათზე ისაუბრა, ვინც, მისი თქმით, „ეკლესიასაა გადაკიდებული“ და მოუწოდა, „თავიანთ თავს მიხედონ“.
ეპისკოპოსი აცხადებს, რომ ბევრი ადმიანი სტატუსით „თეოლოგი“ ტელევიზიით გამოდის, ამ სიტყვის გაუბრალოება კი არ შეიძლება: „ღვთისმეტყველი მხოლოდ სამი არსებობდა - გრიგოლი, იოანე და სვიმონი. უნდა დაფიქრდეთ, საიდან მოვიდა ამდენი ახალი ღვთისმეტყველი.
ჩვენ, ქრისტიანებს და სასულიერო პირებს სამაგალითო ცხოვრება გვმართებს, რათა ჩასაფრებულ ადამიანებს რამდენიმე კაცის მაგალითზე ქრისტესა და ეკლესიაზე ცუდი ლაპარაკის საშუალება არ მივცეთ. თუმცა, გარკვეულწილად ეს ჩვენი ბრალიც არის, რადგან ყველა ადამიანს აქვს სისუსტეები", - თქვა ქადაგებისას ეპისკოპოსმა იაკობმა:
„ბოროტი მუდამ ებრძოდა ეკლესიას. თუმცა, დღეს, ვითომდა იმ საფარველით, რომ ეკლესიის სისუფთავე სურთ, ღმერთისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ იბრძვიან“, - თქვა ქორეპისკოპოსმა. – „ჩვენ ყველა მათგანის გვარები ვიცით და ასევე გვაქვს ინფორმაცია მათი დაფინანსების წყაროების და მათი ქართველი პატრონების შესახებ. დღეს ქვეყანას ძალიან უჭირს, დიდი ტერიტორია დაპყრობილია.
დაპყრობილ ტერიტორიებში მხოლოდ აფხაზეთს და სამაჩაბლოს არ ვგულისხმობ. ჩემთვის ტაო-კლარჯეთიც ისეთივე დაპყრობილია, როგორც ეს რეგიონები. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ წაგართმევს, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ადრე თუ გვიან, ისინი აუცილებლად დაბრუნდება. მინდა ვურჩიო ეკლესიაზე გადაკიდებულებს, თავიანთ თავს მიხედონ და დაფიქრდნენ, რა გაუკეთებიათ. თუ გვინდა, ქვეყანა გადარჩეს, ერთობა უნდა გვქონდეს. კინკლაობა საჭირო არ არის", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.
მასალის გამოყენების პირობები






