ქვემოთ მოგიყვებით დომენის მითვისების 4 ყველაზე გახმაურებულ შემთხვევას ამერიკაში:
1. დონალდ ტრამპი

ტრამპის, როგორც ბიზნეს მეწარმის სახელი ამერიკის პატენტისა და სავაჭრო ნიშნის ორგანიზაციისთვის ძალიან ცნობილია.
2014 წლის მარტში ე.წ. ,,სერიულმა დომენ–კოლექციონერმა“, ტაიკუოკ იუნგმა, 4 ვებ–გვერდი დაარეგისტრირა ტრამპის სახელით. მათ შორის იყო trumpmumbai.com და trumpindia.com – ზუსტად იმ წელს, როცა დონალდ ტრამპის ორგანიზაციამ ინდოეთში სასტუმროებისა და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა დააანონსა.
ბიზნესმენმა იუნგს 400$ შესთავაზა დომენების სანაცვლოდ, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ კი 400,000$ ღირებულების საჩივარი შეიტანა სასამართლოში კიბერ მითვისების ბრალდებით. საბოლოოდ, იუნგი, 400$–იანი სარგებლის მიღების ნაცვლად, 32,000$ რაოდენობის დანაკარგის წინაშე აღმოჩნდა, რადგან სასამართლომ მას სწორედ ამ თანხის გადახდა დააკისრა ტრამპისთვის.
2. Facebook

2011 წლის ივლისში ტერმინმა ,,კიბერ მითვისება’’ ,,ბეჭდვითი მითვისებაც’’ მოიცვა მას შემდეგ, რაც ფეისბუქმა უჩივლა კომპანიებსა და მოქალაქეებს, რომლებმაც ზოგიერთი ბეჭდვითი შეცდომა დომენებად დაარეგისტრირეს. მათ შორის იყო facefook.com, ffacebook.com და faecbook.com. ფეისბუქის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ბრალდებული მხარის ქმედებები აზიანებდა ფეისბუქის რეპუტაციას, ხელს უშლიდა კომპანიის ბიზნეს პროცესებს და უსამართლოდ აძლევდა სარგებელს მიმთვისებლებს.
მთლიანობაში არსებობდა 105 დომენი, რომელსაც 10 ბრალდებული ფლობდა. მათგან სასამართლო პროცესზე არც ერთი არ გამოცხადდა. ამიტომ სასამართლომ ზოგადი სამართლის ფარგლებში ბრალდებული მხარის მოსმენის გარეშე გამოიტანა განაჩენი და 2.8 მილიონი დოლარი გადასცა ფეისბუქს.
3. Microsoft vs. MikeRoweSoft.com

MikeRoweSoft.com ვებ დიზაინის საიტი იყო, რომელსაც თინეიჯერი მაიკ როუ ფლობდა. მან ჩათვალა, რომ მისი და ცნობილი კომპანიის სახელების მსგავსება სახალისო იყო და გადაწყვიტა ეს ფაქტი თავისი ბიზნესის სასარგებლოდ გამოეყენებინა.
როგორც აღმოჩნდა, მაიკროსოფტმა დიდად ვერ იხალისა ამ ამბით და 2001 წელს თინეიჯერის წინააღმდეგ სასამართლო დავის წარმოება გადაწყვიტა. პირველ, 10$იან შეთავაზებაზე მაიკ როუმ თავაზიანი უარი განაცხადა და 10 000$ მოითხოვა. მისი აზრით, ეს იყო თანხა, რომელიც ვებსაიტის შექმნაზე დახარჯულ დროსა და ენერგიას შეესაბამებოდა. მაიკროსოფტმა ამ თანხის გადახდაზე უარი განაცხადა და საპასუხოდ 25 გვერდიანი წერილი გაუგზავნა, სადაც თინეიჯერს კიბერ მითვისებაში ადანაშაულებდა და თანხის გადახდას არ თანხმდებოდა.
ცხადი იყო, რომ თუ საქმე სასამართლომდე მივიდოდა, ორივე მხარე შეძლებდა კანონიერი და ვალიდური არგუმენტების წარდგენას მოსამართლისთვის. სწორედ ამიტომ მაიკ როუმ საქმეში პრესა ჩართო, რაც მაიკროსოფტის რეპუტაციისთვის უდიდეს კოშმარად იქცა.
საბოლოოდ, მხარეებმა სასამართლოს გარეშე მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მაიკმა Xbox და სხვადასხვა ტექნიკა მიიღო.
4. Bruce Springsteen vs. BruceSpringsteen.com

2001 წელს, გასული საუკუნის ერთ–ერთმა ყველაზე პოპულარულმა მუსიკოსმა, ბრუს სპრინგსტინმა დომენის სახელი ვინმე ჯეფ ბარგართან წააგო. ბარგარს ეკუთვნოდა ვებ–გვერდი BruceSpringsteen.com და ამტკიცებდა, რომ მიზანი მომღერლისთვის მიძღვნილი ფან გვერდის შექმნა იყო. მიუხედავად იმისა, ეს კონკრეტული ისტორია სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა, ბარგარის რეპუტაცია მაინც საეჭვო გახლდათ, რადგან 1500 სხვა დომენსაც ფლობდა, მათ შორის მერაია ქერისა და ჰოლეტ პაკარდის სახელების გამოყენებით შექმნილებსაც.
ბარგარისთვის ცხადი გახდა, რომ საქმე სასამართლომდე მივიდოდა. ამიტომ მან დაასწრო სპრინგსტინს და განაცხადა, რომ მომღერლის სახელი არ ატარებდა სავაჭრო ნიშანს და არ იცავდა შესაბამისი კანონი. ასევე ამ ვებ–გვერდს მომღერლის რეპუტაციისთვის ზიანი არ მიუყენებია.
საბოლოოდ, მიუხედავად ბარგარის ანგარიშზე არსებული საეჭვოდ დიდი რაოდენობის დომენებისა, მას ვერ დაუმტკიცდა დანაშაული მუსიკოსთან მიმართებით და დღეს ბრუს სპრინგსტინის ვებსაიტი BruceSpringsteen.net–ია.
როგორც ჩანს, როცა დომენის დარეგისტრირებაზე მიდგება საქმე, არ აქვს მნიშვნელობა მსოფლიოში ცნობილ კომპანიას წარმოადგენთ თუ ლოკალური საქმიანობით ხართ დაკავებული – დაგვიანება ძვირად ფასობს და საკმაოდ დიდი თავის ტკივილია. ამიტომ, თუ ციფრულ სამყაროში საკუთარი ელექტრონული მისამართის შექმნას გეგმავთ, უმჯობესია იჩქაროთ და პირველმა დაარეგისტრიროთ სასურველი დომენი.
საქართველოში მომხდარი კიბერ მითვისების ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას შეგიძლიათ https://nic.ge/ka/domains/legal-disputes-and-decisions–ზე გაეცნოთ.
მასალის გამოყენების პირობები






