ამ წუთებში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მოსანახულებლად სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში მისი ადვოკატი იმყოფება. შეხვედრის შემდეგ, დაცვის მხარე მის საკანში გადაღებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებს.
დაცვის მხარის განმარტებით, ვიდეო და აუდიო ჩაწერა მოსამართლის ბრძანების გარეშე, უკანონოდ ხორციელდებოდა. "გუშინ გასაჯაროვდა უკანონო ჩანაწერები, რომელიც განხორციელებულია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ, დღეს ბაჩო ახალაიას ადვოკატები მოვინახულებთ, ამის შემდეგ კი გავაკეთებთ განცხადებას, თუ რატომ იყო აღნიშნული ჩანაწერები უკანონო და რეალურად რასთან გვაქვს საქმე. როდესაც ხდება ვიდეო და აუდიო ჩაწერა, აღნიშნულს სასამართლო ბრძანება სჭირდება, თუმცა მსგავსი ბრძანება ამ შემთხვევაში არ არსებობს, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სხვა სახის ჩანაწერი არის უკანონო", - განაცხადა გიორგი ონიანმა.
შეგახსენებთ, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრი სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში, ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, მასალა შეიცავს ახალაიას ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ კადრებს, ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრ ჟურნალისტებთან, დეპუტატ აკაკი მინაშვილთან შეხვედრებს და მათთან გასაუბრებას.
მასალის გამოყენების პირობები






