მომღერალი ნინო ჩხეიძე სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციებსა და ვიდეომასალებს პარლამენტში მისი მეუღლის დაკითხვას უკავშირებს.
ნინო ჩხეიძის თქმით, „დაბადების დღეზე რამდენიმე წლის წინ გადაღებული ვიდეო მედიას დღეს გაახსენდა, მაშინ, როდესაც გიორგი კორახაშვილი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო საპარლამენტო კომისიაში იკითხებოდა“.
მომღერლის განცხადებით, პირველი თემა, რომელიც სოციალურ ქსელში აგორდა, ერთ–ერთ გადაცემაში მის მიერ კვერცხის გადაყლაპვისა და ოპერის მომღერლის განსახიერება იყო.
„მინდა, პასუხი გავცე იმ თემას, რომელიც, „ფეისბუქში“ ატაცებული და ანგაჟირებული იყო, თითქოს მე ოპერას ვმღერი და კვერცხებს ვყლაპავ და ა.შ. ეს იყო იუმორისტული გადაცემა, არ ვიცი, ვისი ორგანიზებული და ამას ვაკეთებდი იმიტომ, რომ გადაცემას სჭირდებოდა.
არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რომ ოპერა ვიმღერო და მსგავსი რამ სცენაზე გავაკეთო. დღეს კი „Ambebi.ge“–მ დაწერა, რომ მე დაბადების დღეზე ვერთობოდი ხატია შამუგიასთან ერთად, ვმღერი, ვსვამ და ა.შ. ვფიქრობ, რომ ეს იყო მიზანმიმართული შავი პიარი იმისთვის, რომ ხალხს ჩემზე ცუდი შთაბეჭდილება დარჩეს. მაშინ ამოტივტივდა ეს ყველაფერი, როცა ჩემი ქმარი პარლამენტში, დაკითხვაზე იყო.“ – განაცხადა „Front news“–თან საუბარში ნინო ჩხეიძემ.
მომღერალი ასევე ამბობს, რომ „ბოლო ერთი წელია, ყველგან დაბლოკილია და შოუ–ბიზნესში დღეს აღარაფერი ხდება“. „მიუხედავად იმისა, რომ შოუ–ბიზნესში დღეს არაფერი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ მე ყველგან მბლოკავენ და არცერთ კონცერტში მონაწილეობა უკვე დიდი ხანია, არ მიმიღია, ვთვლი, რომ ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ.
გამოვიდა ჩემი ახალი ალბომი, ყველაზე წარმატებულად იყიდება, ვერცერთი მომღერალი ჩემს ტირაჟამდე საკუთარს ვერ მოიყვანს, მაგრამ ფაქტია, რომ მე დღეს არცერთ კონცერტზე არ გამოვდივარ და არცერთ გადაცემაში არ მიწვევენ. თბილისობაზეც კი არ მიმიწვიეს!
სამაგიეროდ მიხდება ინტერნეტსივრცეში დაწყებული ჭორაობის მოგერიება, თუ რატომ დავლიე დაბადების დღეზე, რატომ ვმღეროდი რუსულ სიმღერას, რატომ ჩავყლაპე კვერცხი. მე ეს ყველაფერი მგონია დაკვეთილი, მიზანმიმართული, ანგაჟირებული პოლიტიკური თამაში“ – აცხადებს ნინო ჩხეიძე, თუმცა, შავი პიარის აგორების მიუხედავად, მომღერალი სასამართლოში ჩივილს არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ნინო ჩხეიძის მეუღლე, ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი დღეს „კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ რადიო „დარდიმანდისა“ და „სტერეო +“–ის საქმესთან დაკავშირებით ახსნა–განმარტებისთვის დაიბარა.
მასალის გამოყენების პირობები






