"თბილისი პრაიდი" ლგბტ თემის წარმომადგენლის წერილს აქვეყნებს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავს.
"გამარჯობა ბატონო გიორგი,
მე თაზო მქვია. 9 წლის არ ვარ... და ალბათ არც დაჩი გულუასავით საყვარელი :) თუმცა, არც ისე დიდი ვარ იმისთვის, რომ დამვიწყებოდა ის აუტანელი ჰომოფობიური ბულინგი, რაც ჩემი სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. არც უნივერსიტეტის აუდიტორიიდან ადევნებული აგრესიული ჰომოფობები დამვიწყებია! ქუჩაში შეურაცხმყოფელ მოძახილებსა და არასასიამოვნო მზერებს მითუმეტეს ვერ დავივიწყებ, რადგან ეგ ყოველივე ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
ჩემზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ, მაგრამ გეტყვით იმ ათასობით ბავშვის თუ ახალგაზრდას შესახებ, რომლებიც ყოველდღიურად ხდებიან ჰომოფობიური და ტრანსფობიური ბულინგის მსხვერპლი სკოლებსა და უნივერსიტეტებში, რომლებსაც სახლებიდან აგდებენ, ძალადობენ და დევნიან საჯარო სივრცეებიდან, ათავისუფლებენ სამსახურებიდან და ართმევენ განვითარების თანასწორ შესაძლებლობებს.
ბატონო გიორგი, მე მინდა რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრო. მინდა ვიცხოვრო ისეთ გარემოში, სადაც სახელმწიფო იზრუნებს ჩემი და სხვა ლგბტქი ადამიანების უსაფრთხოებაზე, მინდა ვგრძნობდე რომ სახელმწიფო მიცავს და გვერდში მიდგას!
პრივილეგიებს არ გთხოვთ, უბრალოდ მოგიწოდებთ რომ დაიცვათ ჩვენი შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, ასევე ეფექტურად ებრძოლოთ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს, რათა ლგბტ მოზარდებს აღარ მოუწიოთ ჩემი გზის გავლა. მჯერა რომ შემდგარი და განვითარებული სახელმწიფო სწორედ თანასწორუფლებიანობაზე დგას.
ერთად ავაშენოთ ეს ქვეყანა!" - აღნიშნულია "თბილისი პრაიდის" გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






