"ფსიქოპროექტზე" არაფერი ვიცი და მას არანაირად არ განვსჯი. მაგრამ აქ საქმე იმას არ ეხება, რომელი სოციოლოგია უფრო კეთილსინდისიერი ან უფრო პროფესიონალი. არსებობს ელემენტარული პრინციპები. თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა წინასაარჩევნოდ რეიტინგებს ზომავს (რასაც ყველა უნდა აკეთებდეს, ვისაც ამის შესაძლებობა აქვს), ის ამას აკეთებს შიდა მოხმარებისთვის: რეალისტურად შეაფასოს თავისი შანსები და სწორად ააგოს კამპანია. მონაცემების გამოქვეყნება მას არანაირად არ სჭირდება, ხოლო თუ ის მათ აქვეყნებს, ესე იგი ამას აკეთებს პროპაგანდის მიზნით. ხოლო თუ მონაცემები ქვეყნდება პროპაგანდის მიზნით, მათ მიმართ ავტომატურად ჩნდება უნდობლობა, ვინც არ უნდა იყოს მისი შემსრულებელი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, "ქართული ოცნება" მონაცემების გამოქვეყნებით უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ამ "ფსიქოპროექტს" და ზურაბ ბიგვავას (თუ, რა თქმა უნდა, გამოქვეყნება თვით ბიგვავას ინიციატივა არ არის).
არაობიექტურობა რომ არ დამწამონ: როცა ნაცმოძრაობამ ერთხელ თუ ორჯერ წინასსაარჩევნოდ (კერძოდ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ) გამოაქვეყნა მისივე დაკვეთით როზნერის ფირმის გაკეთებული კვლევები, რა თქმა უნდა, ესეც პროპაგანდისტული მიზნით გაკეთდა. საჭირო იყო საკუთარი ამომრჩევლის წახალისება და შეგულიანება: „ნუ გეშინიათ - ჩვენ ვიგებთ“. მაგრამ იგივე ფირმის კვლევების უდიდესი უმრავლესობა გამოუქვეყნებელი რჩებოდა, და სწორედ ამიტომ ჰქონდა მათ ჩემთვის შედარებითი სანდოობა პირადად ჩემთვის. მაგრამ როცა ისინი გამოქვეყნდა, მახსოვს, თინა ხიდაშელმა თქვა: ეს ნაციონალების შეკვეთილია და ამიტომ არ ვენდობიო. რაშიც პრინციპში სწორი იყო.
NDI-IRI-ის კვლევები უბრალოდ იმიტომაა და იმდენადაა უფრო სანდო, რომ ზუსტად ვიცით, ვინ აფინანსებს, ვინ ატარებს, ისინი წლების განმავლობაში მეორდება, და არა გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ეს ამერიკული ორგანიზაციები რომელიმე ქართულ პოლიტიკურ ძალაზე მუშაობენ. ვინც ფიქრობს, რომ ისინი მიშაზე მუშაობენ (ერთი კაცი ვიცი ასეთი, ბიძინა ქვია) მაშინ ლოგიკურია, რომ არ ენდოს (და კარგად იყოს).
სხვა ამბავია, რომ საქართველოში თვითონ კვლევის ობიექტი - საზოგადოება, არასტრუქტურირებულია, ჩამოუყალიბებულია, ფლუიდურია, ამიტომ მის აზრებს შეიძლება უეცარი რყევები ახასიათებდეს (როგორც ეს შარშან ვნახეთ). ამას სოციოლოგებს ნუ დავაბრალებთ“, - წერს გია ნოდია.
მასალის გამოყენების პირობები






