„საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციამ“ დღეს პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტი ითვალისწინებს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფასო, ონლაინ კონსულტირებას საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კერძოდ, ასოციაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით საზღვარგარეთ მყოფი ქართველები შეძლებენ მათთვის საინტერესო საკითხზე, რომელიც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობას, წერილობითი კითხვით მიმართონ ასოციაციის იურისტებს. პასუხი აპლიკანტს არაუმეტეს 24 საათში გადაეგზავნება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით კი, საზღვარგარეთ მყოფ პირებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა და შესაძლებლობა, რომ მათ დაუბრკოლებლად შეძლონ საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღება. ასოციაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა აქტიურად განახორციელონ საკუთარი საარჩევნო უფლებები“ - აცხადებს „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის“ პრეზიდენტი, თორნიკე ჭეიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ ინიციატივას უკვე გამოეხმაურა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. როგორც აპარატის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი მხარს უჭერენ ამ წამოწყებას და მზად არიან მჭიდროდ ითანამშრომლონ ასოციაციის წარმომადგენლებთან პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები






