ვაშინგტონში „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. ზაზა ოქუაშვილს ჯერ კონგრესის მიღებათა დარბაზში მადლობა გადაუხადეს, შემდეგ კი ბეიკერ მაკენზის ინსტიტუტში ნიუ-იორკ თაიმსის ჯილდო გადასცეს.
„მადლობა ამ აღიარებისათვის. ეს დიდი პატივია, ვიდგე აქ დღეს საქართველოსა და აშშ-ს ამდენ ლიდერთან ერთად. როგორც „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, მე დავეხმარე ამერიკული და საერთაშორისო ბრენდების საქართველოს ბაზარზე შემოსვლას. ეკონომიკური კავშირების გაძლიერებით ჩვენმა პარტნიორობამ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობაც გააძლიერა. საერთო ბიზნეს ძალისხმევები ყველაზე წარმატებულია, როდესაც ისინი საერთო ფასეულობებს ეფუძნება.
ჩემი გამოცდილების მიხედვით, ქართველებსა და ამერიკელებს საერთო ფასეულობები გააჩნიათ: თავისუფლება, პიროვნული უფლებები და კანონის უზენაესობა. ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის შემდგომ დონეზე მიყვანისათვის უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ფასეულობები იყოს დაცული. სწორედ ამიტომ ვდგავარ მე დღეს თქვენს წინაშე. რა თქმა უნდა როგორც ბიზნესმენი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, როგორც ქართველი, რომელსაც საუკეთესო უნდა თავის ქვეყნისათვის - და ჩვენი ურთიერთობისათვის აშშ-თან. ამ დიდი პოტენციალის რეალიზებისათვის უნდა ვიმუშაოთ ერთად რათა გავაძლიეროთ კანონის უზენაესობა, არ დავუშვათ უსამართლო ძალაუფლება, რომელიც ანადგურებს ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობისა და მეგობრობის მიღწევებს, და ვისწრაფოდეთ მეტი ანგარიშვალდებულობისა და გამჭვირვალობისკენ. კიდევ ერთხელ მადლობა ამ პატივისათვის.” - აღნიშნა ზაზა ოქუაშვილმა.
„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია. მისი შემოყვანილია ქართულ ბაზარზე მსოფლიოში ცნობილი ავტობრენდები.
მასალის გამოყენების პირობები






