ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მთავრობისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია, - აღნიშნული განცხადება შსს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვიმა გააკეთა.
"ჩვენი მხრიდან იგეგმება ინტენსიური მუშაობა იმისათვის, რათა ევროკავშირიდან უფრო მეტი მხარდაჭერა მივიღოთ. ღრმად გვწამს, რომ ვილნიუსის სამიტი შესაძლოა ისტორიულ მოვლენად იქცეს. მას შესწევს ძალა პარტნიორი ქვეყნების ევროინტეგრაცია შეუქცევად პროცესად აქციოს.
ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მთავრობისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია და დარწმუნებულები ვართ, რომ ევროალტანტიკური ინტეგრაციის მოთხოვნების მიხედვით გატარებული რეფორმები ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი ტრანსფორმაციის გასაღებია, რაც ევროსტანდარტებთან კიდევ უფრო მიგვაახლოებს. საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი დინამიურად მიმდინარეობს.
გვსურს გავაგრძელოთ როგორც დემოკრატიული რეფორმები, ასევე ქვეყნის პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს კიდევ უფრო მიახლოებაზე ნატოს წევრობისკენ. წარმატებული ევროინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობა არის ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან.
ჩვენ თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია გვაკავშირებს ლიტველ კოლეგასთან და იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალშიც გავაღრმავებთ არსებულ პარტნიორობას და შევთანხმდებით თანამშრომლობის ახალ სფეროებზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






