ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს (ახალი სტილით) აღნიშნავს და იგი 12 საუფლო (უძრავი) დღესასწაულთაგანია.
ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.
ლუკას სახარების თანხმად, უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელი მიავლინა გალილეის ქალაქ ნაზარეთში, ქალწულ მარიამთან, რომელიც იოსებზე იყო დანიშნული. შევიდა ანგელოზი მარიამთან და უთხრა: "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის". უფლის ანგელოზის გამოცხადებამ შეაძრწუნა და ჩააფიქრა გამოუცდელი ქალწული-ნეტა, რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა დაამშვიდა იგი "ნუ გეშინინ მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა ესერა შენ მუცლადიღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესო. ესე იყოს დიდ და ძე მადლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითისი, მამისა თვისისაი და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაი არა იყოს დასასრულ". გაოცებული მარიამი ეკითხება ანგელოზს, თუ როგორ მოხდება ეს, როცა მან მამაკაცო არ იცის?! ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია, -"სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაი გფარავდეს შენ",-იყო პასუხი. გახარებული ქალწული თავის მორჩილებას ასე გამოხატავს: "აჰა მხევალი უფლისაი, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა!"
ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი დედად ღვთისად მისი სიმდაბლისა და სიმშვიდის გამო გამოარჩია.
საეკლესიო სწავლების თანახმად, რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ადამიანთა დაცემისათვის, იმავე იარაღით იხსნა კაცობრიობა ქრისტემ - თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მოუტანა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუვლინა.
დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია.
ეს კი ხარების დღესასწაულზე სათქმელი ტროპარ-კონდაკია:
ტროპარი:
დღეს ცხოვრებისა ჩუენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება, რამეთუ ძე ღმრთისა ძედ ქალწულის იწოდების და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩვენცა ხმამაღლად უღაღადებთ: გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა.
კონდაკი:
ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა შევსწირავთ ღმრთისმშობელო ქალწულო შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაჲთა
გიგალობდეთ შენ კურთხეულო, გიხაროდენ სძალოო უსძლოო.
მასალის გამოყენების პირობები