წერილში საუბარია საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტი არჩევნების დროს არსებულ დარღვევებზე, ია კერზაიას საქმესა და საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე.
ევროპარლამენტარები საქართველოს პრემიერს ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას, საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
ევროპარლამენტარები ეუთო/ოდირისა და ISFED-ის ანგარიშებზე დაყრდნობით საქართველოში 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდს აფასებენ და ხაზს უსვამენ არაერთ საარჩევნო დარღვევას, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ხისტ წინასაარჩევნო რიტორიკასა და საჯარო მოხელეებისა თუ სახელმწიფო დახმარებაზე მყოფი ჯგუფების დაშინებას.
ევროპარლამენტარები განსაკუთრებულ ყურადღებას გარდაცვლილი ია კერზაიას საქმეზე ამახვილებენ, როგორც წერილშია ნათქვამი, საქართველოსა და მისი დემოკრატიული მომავლის საუკეთესო ინტერესებშია, რომ კერზაიას საქმე დაუყონებლივ და სრულფასოვნად იყოს გამოძიებული, დამნაშავეები კი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ.
"ჩვენ, წერილზე ხელისმომწერი ევროპარლამენტის წევრები, გწერთ, რათა მოგიწოდოთ იმ საქმის სწრაფი და სრულყოფილი გამოძიებისკენ, რომელიც ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორ ია კერზაიაზე პოლიტიკურ ზეწოლას მოიცავს, რათა განიმარტოს ის მიზეზები, რამაც 2018 წლის 9 დეკემბერს მისი სიკვდილი გამოიწვია.
ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე დღით ადრე იქამდე, სანამ ია კერზაიას ინსულტის შეტევა დაემართებოდა, მან საჯაროდაც განაცხადა და, ასევე, მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, რომ მაშინ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატისა და აწ უკვე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, კამპანიაში ჩართვის მოთხოვნით მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
თბილისში დაარსებული არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაცია ISFED (საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისთვის) ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ის გარემოებები, რაც თან ახლდა 2018 წლის ნოემბერში ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში ინსპექციის შესვლას აღვიძებს ეჭვებს, რომ ეს ინსპექტირების მექანიზმი საპრეზიდენტო არჩევნებზე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს და ეს იყო დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევა.
ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2018 წელს 7 სკოლაში ჩაატარა ინსპექტირება, რომელთაგანაც 6 ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის ჩატარდა, მათ შორის ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში. უფრო მეტიც, ია კერზაიას ოჯახის ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზუგდიდში 2 ინსპექტორი გაგზავნა მას შემდეგ, რაც სკოლის დირექტორმა სამართალდამცავებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. ინსპექტორებმა თავიანთი დასკვნა 2 კვირის შემდეგ გამოაქვეყნეს, სადაც სკოლის სამეურვეო საბჭოს კერზაიას გადაყენების რეკომენდაციით მიმართავდნენ.
როგორც იცით, ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარი იყო იმაზე, რომ "კამპანია ხისტი რიტორიკით იმართებოდა" და "ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ზრდამ სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვარი შეუმჩნეველი გახადა". კიდევ ერთი რამ, რაც შეშფოთებას იწვევს, არის იმავე ანგარიშში ნახსენები ფაქტები, რომ "ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის არაერთი წევრი აცხადებდა, რომ მმართველი პარტია ამ მექანიზმს ზეწოლითა და დაშინებით იყენებდა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებისა და სახელმწიფო დახმარებაზე მყოფი ჯგუფების მიმართ".
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში ნახსენებ ყველა ხარვეზს გამოასწორებს. გვჯერა, რომ საქართველოსა და მისი დემოკრატიული მომავლის საუკეთესო ინტერესებშია, რომ ია კერზაიას საქმე ქვეყნის პროკურატურამ და სასამართლო ხელისუფლებამ დროულად და ყოვლისმომცველად გამოიძიოს, რათა დამნაშავეები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ასევე უნდა განმარტოს სკოლის ინსპექტირების სტანდარტები და მეთოდოლოგია და წინასაარჩევნო პერიოდში ამის გამოყენებისგან თავი შეიკავოს.
ჩვენ, ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრები, საქართველოს მთავრობის მხრიდან ველოდებით იმის უზრუნველყოფას, რომ მომდევნო საარჩევნო კამპანიის დროს არცერთი საჯარო მოხელე არ გახდება რაიმე სახის ზეწოლის სამიზნე და ამასთან დაკავშირებით, გვჯერა, რომ ია კერზაიას საქმის ირგვლივ არსებული გარემოებების განმარტება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია," - წერია წერილში,
ევროპარლამენტარებმა წერილით საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსაც მიმართეს, ფედერიკა მოგერინისადმი მიმართვაში, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან და ქვეყნის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არის საუბარი.
2 აპრილით დათარიღებულ წერილში ევროპარლამენტარები ეყრდნობიან ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს, რომელიც მათი შეფასებით, 1991 წლის შემდეგ ყველაზე კრიტიკული დასკვნაა.
ამასთან, ევროპარლამენტარები ფედერიკა მოგერინის მოუწოდებენ, რომ მმართველ გუნდზე ზეწოლა განახორციელოს, რათა ისინი ოპოზიციასთან შინაარსობრივ დიალოგში შევიდნენ და საქართველოში არჩევნები მთლიანად პროპორციული წესით 2024 წლის ნაცვლად, 2020 წელს ჩატარდეს.
"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში, ევროკავშირთან ასოცირებულ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირთან ძალიან ახლო და პოზიტიური ურთიერთობა აქვს, 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომლის დელეგაციაშიც ევროპარლამენტი მონაწილეობდა, 1991 წლის შემდეგ ყველაზე კრიტიკული შეფასებაა. არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებულ ანგარიშში მთავარი და კონკრეტული შეშფოთების საგანი ფართოდ გავრცელებული ხმების მოსყიდვა იყო. ასევე, სავარაუდო ანგარიშსწორების შიშის გამო ამომრჩევლებმა, შესაძლოა, ვერ შეძლეს არჩევანის თავისუფლად გაკეთება. ამასთან, ანგარიშში საუბარი იყო საჯარო მოხელეებზე ზეწოლასა და დაშინებაზე.
უფრო მეტიც, თბილისში დაარსებულმა არჩევნებზე დამკვირვებელმა ორგანიზაცია ISFED-მა (საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისთვის) არჩევნების კონტექსტში დაშინებისა და შევიწროების შესახებ ისაუბრა, კერძოდ კი, ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორ ია კერზაიაზე პოლიტიკურ ზეწოლაზე რამდენიმე დღით ადრე, სანამ მას ინსულტის შეტევა დაემართებოდა და შედეგად გარდაიცვლებოდა.
ორივე ანგარიში განგაშის ზარია ჩვენთვის, ევროპარლამენტის წევრებისა და საქართველოს მეგობრებისთვის, რომლებსაც გვსურს, რომ ამ ევროპულმა ქვეყანამ რეფორმების გზა გააგრძელოს, რათა ბოლომდე შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
პოლიტიკური სტაბილურობა და ცივილიზებული პოლიტიკური კონკურენციის უზრუნველყოფა მომავალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე სანდო თანამოსაუბრეები და ორგანიზაციები, კერძოდ, ვენეციის კომისია და საქართველოში სანდო დამკვირვებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა მაგალითად, ISFED, დიდი ხნის განმავლობაში აცხადებენ, რომ საქართველოს შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც სუპერუმრავლესობის შექმნისკენაა მიდრეკილი, მთავარი სისტემური პრობლემაა.
მოქმედი მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ იმის შესახებ, რომ 2020 წლის ნაცვლად 2024 წლამდე გადაიდო მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, დიდი კრიტიკა გამოიწვია ყველა ჩართული მხარისგან, კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოებისგან. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ და სანდო სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა მიმართეს მთავრობას, რომ დაწყებულიყო დიალოგი იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე შეთანხმებას უკვე 2020 წლისთვის მიაღწიონ.
წერილებს ხელს აწერენ ევროპარლამენტარები - ანა გომესი (S&D), მაიკლ გალერი (EPP), რებეკა ჰარმსი (Greens, EFA), ნატალი გრისბეკი (ALDE), ჯული უორდი (S&D), ალინ სმითი (Greens, EFA), ტანია გონსალეს პენია (GUE/NGL), ხოსე ინაციო ფარია (EPP), ჟან ლამბერტი (Greens, EFA).
თარგმანი - ტაბულა
მასალის გამოყენების პირობები






