„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ფონდში ბასკეთის სახელმწიფო დელეგაცია მიიღო. ბასკეთის ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს საინვესტიციო გარემოს ეცნობიან.
ოფიციალურ დელეგაციას ბასკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი ანჯელა ელორზა ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ბასკეთის ვაჭრობისა და ინვესტიციების კომპანიის, ასევე, კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ბასკეთის ბიზნეს ანალიტიკოსები შედიან. ფონდში გამართულ შეხვედრას ესპანეთის სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე დაესწრო.
„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა ბასკეთის სახელმწიფო დელეგაციას ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და საქართველოს საინვესტიციო უპირატესობები გააცნო. დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველო ინვესტორებისთვის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ბაზრებთან არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების გამო განსაკუთრებით საინტერესოა. ფონდის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი რეგიონული ჰაბის მნიშვნელობას. დავით საგანელიძემ ბასკეთის დელეგაციას ფონდის მიმდინარე და განხორციელებული პროექტები გააცნო.
ფონდში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ბასკეთის სახელმწიფო დელეგაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესდა და საქართველოს ბიზნეს კლიმატისა და საინვესტიციო პოტენციალის გასაცნობად ბასკეთის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის მომზადებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და საქართველოს იმ ბიზნეს სექტორების შესახებ იმსჯელეს, რომლებითაც, შესაძლოა, ბასკი ინვესტორები დაინტერესდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






