ოკუპირებულ შიდა ქართლში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაღებულ და რუსულ ინტერნეტსივრცეში ატვირთულ ფოტოებს „ზონანიუსი“ აქვეყნებს. ფოტოები, სავარაუდოდ, ზაფხულშია გადაღებული და მასზე რუსი ოფიცრების ოჯახის წევრები როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ სამხედრო ქალაქებში, ასევე ქართულ სოფლებში, სხვადასხვა ადგილას არიან გადაღებული:
„რუსი ოკუპანტი ოფიცრები და მათი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით მათი ცოლები პოზირებენ ყველგან, სამხედრო დასახლების ფარგლებს მიღმაც: ვენახში, ყანაში, აყვავებულ ხეხილის ბაღში, მსხმოიარე ატმებისა და ვაშლის ხეებთან, თვალწარმტაც ადგილებში, თქვენ წარმოიდგინეთ, რუსული მოიერიშეების მიერ დაბომბილ, დანგრეულ, ოდესღაც ქართველების კუთვნილ ნასახლარებზე...

პოზირებენ ნიშნისმოგებით, ირონიული ღიმილით სახეებზე, და თითქმის ყველა თვლის ვალდებულად თავს, საოჯახო ფოტო გადაიღოს აბრასთან, რომელსაც აწერია „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“, ასევე აბრასთან, სადაც აღნიშნულია, რომ 50 მეტრს იქით „სახელმწიფო საზღვარი“ იწყება...
ფოტოების უმრავლესობა ახმაჯის სამხედრო ბაზაზეა გადაღებული, რომელიც ლამისყანასა და ახალგორს შორის მდებარეობს. ალბომებს ჯიუტად ჰქვია „იუჟნაია ოსეტია“, მხოლოდ რამდენიმეგან, სადაც „გუგლის“ ლოკაციის სისტემაა გამოყენებული, ფოტოებზე ასევე ჯიუტადაა მინიშნებული სიმართლე: „შიდა ქართლის რეგიონი, საქართველო““, - წერს „ზონანიუსი“.
წყარო: http://zonanews.ge/oseti-cxinvali-ruseti/
მასალის გამოყენების პირობები






