ოზურგეთში, ავარიისას გარდაცვლილ ბაიკერს, მამუკა ნაცვალაძეს ორგანიზაცია "ემიგრანტების იმედის" დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე ემოციურ პოსტს უძღვნის:
როგორ მენანები მიწისთვის. ყველა ტირის გურიაში დიდი და პატარა რა უნდა ვუთხრათ შენს ოჯახის წევრებს, მეუღლეს, რით ვუთანაგრძნოთ? შენნაირი ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ.
მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული.
შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო.
თავდადებით შრომობდი, სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი.
ასე იცხოვრე 25 წელი, ოცდაექვსი ვეღარ შეასრულე! თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. ყველანი თავს დაგენაცვლენ, ყველაფერი გაგიკეთეს, მხოლოდ ერთი რამ ვერ შეძლეს სიცოცხლე ვერ დაგიბრუნეს...
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთში მოტოციკლეტით მოძრავი ახალგაზრდა, ორ მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მოტოციკლეტის მძღოლი 25 წლის მამუკა ნაცვალაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






