„ეს შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და კიდევ მეტ ბიძგს მისცემს ჩვენს მწარმოებლებს, რომ განვითარდნენ და თავიანთი საექსპორტო პოტენციალის რეალიზაცია მოახდინონ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.
კორეის იმპორტიორთა ასოციაციაში შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა აღნიშნული გაერთიანების მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ გამოფენაზე IGF (Import Goods Fair), რომელშიც მონაწილეობენ კორეელი „ბაიერები" და ფორმდება კონტრაქტები სხვადასხვა ქვეყნების მწარმოებლებთან კორეულ ბაზარზე პროდუქციის მიწოდების კუთხით. კორეულმა მხარემ ქართველი მწარმოებლები წლევანდელ გამოფენაზე მოიწვია, რომელიც კორეაში ივნისში გაიმართება.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ გამოფენაზე ქართველი მწარმოებლები სხვადასხვა სექტორებიდან შეძლებენ წარადგინონ საკუთარი პროდუქცია. „პროფესიონალი „ბაიერები" შეარჩევენ პროდუქციას კორეაში იმპორტისთვის, პირველ რიგში, ლაპარაკია ღვინოზე, თაფლზე, უალკოჰოლო და ალკოჰოლურ სასმელებზე და სხვ." - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ კორეის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროების ჩართულობით, კორეის იმპორტიორთა ასოციაცია მიმდინარე წელს საქართველოს ეწვევა, რომლის დროსაც ისინი საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობებს შეისწავლიან.
მასალის გამოყენების პირობები






